ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება, თუმცა ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს 

პუბლიკა

საფრანგეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, მარინ ლე პენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება, თუმცა, ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ლიდერის, მარინ ლე პენის გამამტყუნებელი განაჩენი ევროპარლამენტის სახსრების მითვისების საქმეზე, ასევე ძალაში დატოვა საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა.

თუმცა, ამავდროულად, არ აუკრძალა 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

57 წლის მარინ ლე პენმა გაასაჩივრა 2025 წლის 31 მარტის განაჩენი, რომლითაც იგი დამნაშავედ ცნეს ევროპარლამენტის სახსრების მითვისებაში. საქმე უკავშირდებოდა მისი პარტია National Rally-ის მიერ საპარლამენტო ასისტენტების დასაქმების პრაქტიკას და მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა.

პარიზის პირველი ინსტანციის სასამართლომ ის გაამტყუნა და მას დაუყოვნებლივ აუკრძალა საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით, რაც მას 2027 წლის აპრილში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად წარდგენის შესაძლებლობას უკარგავდა. ამასთან, ლე პენს მიესაჯა ოთხწლიანი პატიმრობა, საიდანაც ორი წელი პირობითია. ამავე დროს, დაეკისრა 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმაც.

სააპელაციო სასამართლომ დღეს, 7 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მარინ ლე პენი კვლავ დამნაშავედ რჩება და მას საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება 45-თვით შეუზღუდეს. თუმცა, ვინაიდან უკვე გასულია 30 თვე, ხოლო დარჩენილია – 15 თვე, თეორიულად მას საშუალება ეძლევა, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდეს.

სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა 100 000-ევროიანი ჯარიმა და სამწლიანი პატიმრობა, საიდანაც ორი წელი პირობითია. ეს ნიშნავს, რომ ლე პენს ერთი წლის განმავლობაში ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულები განსაკუთრებით მძიმეა, რადგან ისინი 11 წლისა და სამი საპარლამენტო მოწვევის განმავლობაში გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტმა არაერთხელ აფრთხილებდა წესების დაცვის შესახებ,“ – განაცხადა სასამართლოს თავმჯდომარე მიშელ აგიმ სააგენტო AFP-ის ცნობით.

ლე პენსა და საფრანგეთის გენერალურ პროკურორს ათი დღე აქვთ იმისთვის, რომ გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ. ეს არის უმაღლესი ინსტანცია, რომელიც ქვედა ინსტანციების მიერ კანონის სწორად გამოყენებას აკონტროლებს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე.

National Rally-ის ლიდერს უკვე ნათქვამი აქვს, რომ არ აპირებს ახალი, ხანგრძლივი სამართლებრივი დავის დაწყებას, რომლის შედეგიც გაურკვეველია, რადგან, მისი თქმით, ეს საპრეზიდენტო კამპანიის წარმოებას შეუძლებელს გახდის.

„საპრეზიდენტო კამპანიას ბოლო წუთს ვერ დაიწყებ,“ – განაცხადა მან გასულ წელს ჟურნალ Causeur-თან ინტერვიუში. ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარების პირობებში საარჩევნო კამპანიას არ ჩაატარებს.

იმ შემთხვევაში, თუ ლე პენი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, კანდიდატი მისი პარტიის ახლანდელი თავმჯდომარე, 30 წლის ჯორდან ბარდელა გახდება.