შსს "ფორმულას" სიუჟეტის გამო სასამართლოში უჩივის

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ გადაცემაში გასული სიუჟეტების გამო სასამართლოში უჩივლებს. განცხადება სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ, ტელეკომპანია ფორმულას ეთერში კიდევ ერთხელ გასულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს პოლიციის თანამშრომლები პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დროს სამსახურებრივი ავტომანქანებით უკანონო საქმიანობას ეწევიან.

აღნიშნული ტელეკომპანია, არაერთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, კვლავ აგრძელებს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ამ გზით საზოგადოებაში პოლიციის მიმართ ნდობის შესუსტებას.

ტელეკომპანიის და კონკრეტულად სიუჟეტის ავტორის მიერ კვლავ განმეორდა სიცრუის გავრცელება მტკიცებით ფორმაში, თითქოს პოლიციელები კანონს არღვევენ და პროსტიტუციაში ჩაბმულ მოქალაქეებს მფარველობენ.

დღევანდელ სიუჟეტში მათ კვლავ გაიმეორეს კადრები, სადაც აპელირებენ თეთრი ფერის, “შკოდას” მარკის ავტომობილის გადაადგილებაზე, თუმცა ვერც წინა შემთხვევებში და ვერც დღეს ტელეკომპანიამ მაყურებელს პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევის ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარუდგინა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სიუჟეტში მათ მიერ დასახელებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გადაცემაში ნახსენებ კონკრეტულ დროს არ იმყოფებოდა მათ მიერ დასახელებულ ადგილას და არ გადაადგილდებოდა კადრებში ნაჩვენები სახელმწიფო ნომრიანი ავტომობილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დატოვებს რეაგირების გარეშე ტელეკომპანია ფორმულას მიერ არაერთხელ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, უახლოეს დღეებში მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას და საკუთარი თანამშრომლების ღირსებას სასამართლოში დაიცავს.“ – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

 

‼ შსს-ის გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტებს უკავშირდება, რომლებიც „შაბათის ფორმულას” ეთერში გავიდა…

Posted by Formula • ფორმულა on Saturday, March 13, 2021