შსს ამბობს, რომ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა წინასწარ იცოდნენ FB პოსტზე, ადვოკატი უარყოფს

პუბლიკა

მასალა განახლებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook გვერდზე „პოსტის განთავსებაზე ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ მის დედა სოფო ბიბილაშვილს და ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს“.

გურამ დადიანიძის FB გვერდზე პოსტი სამშაბათს, 18 აგვისტოს, ოსურ ენაზე გამოქვეყნდა.

Арцыд растаг ოსურ ენაზე ნიშნავს – „მოვიდა დრო“.

შსს-ის თანახმად:

„ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში, დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.

აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.

ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.

მაშინ, როცა პოსტი გამოქვეყნდა, გურამ დადიანიძის დედის ახლობლებმა თქვეს, რომ „ვიღაც თამაშობს“.

„გურიკამ თუ საიტი ჩართო, მაშინ დედასაც მისწერდა და ეტყოდა, რომ მოვდივარ და ცოცხალი ვარ. ე.ი. ვიღაც მაგრად თამაშობს და… არ ვიცი, თუ ამ საქმეს სათამაშოდ ხდის… ეს ხალხის მასხრად აგდება გამოდის. თუ პოლიცია არ დაადგენს, საიდან მოდის ეს მესიჯები… პროკურატურაშია გადაცემული და გამოაშკარავდება ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, რომ ყველაფერს დავადგენთო”, – თქვა სოფო ბიბილაშვილმა ტვ პირველთან 19 აგვისტოს.

შსს-ს მალევე უპასუხა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ და არასწორი უწოდა უწყების განცხადებას, თითქოს 12 წლის დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა წინასწარ იცოდნენ, რომ დადიანიძის FB გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი უნდა გამოქვეყნებულიყო.

კაკაბაძე ამბობს, რომ შსს-ს არ სურს საქმის გამოძიება და მის დისკრედიტაციას ცდილობს.

მალევე მან გამოაქვეყნა სქრინები, რომლის თანახმადაც, Facebook ანგარიში „ნასვამი ჩოჩორი“ სწერს, რომ ჩარულია გურამ დადიანიძის საქმეში და დახმარების გაწევა სურს.

„ნასვამი ჩოჩორი“ კაკაბაძეს ასევე სწერს, რომ „ის პოსტი, რაც გავრცელდა, ჩვენი დაწერილია“.

„სალამი, ბატონო ტარიელ მოკლედ ის პოსტი, რაც გავრცელდა ჩვენი დაწერილია სპეციალურად ოსურად რაც ნიშნავს „დადგა ჟამი” ოსურად. იმიტომ, რომ რა საქრინებიც გიყარეთ, კახას ვიღაც ყავს ოსეთში, ვის ექაუნთზეც აქვს წვდომა თავისივე აიპი მისამართით და ველოდებით კახას რეაქციას. ამით ასევე ავტომატურად გადავფარეთ ანა გელაშვილის ინტერვიუ და მისი ყველა იქ გაჟღერებული სიტყვაც და ჩვენებებიც. თუ პროკურატურა დაგიკავშირდათ, შეგიძლიათ უთხრათ, რომ გაქვთ წვდომა იმ პირთან, ვინც კერძო საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოვებს და ეს არის გეგმის ნაწილი. ამიტომ არ აფორიაქდეს პროკურატურა“, – წერს „ნასვამი ჩოჩორი“.

ადვოკატმა ასევე გამოაქვეყნა პასუხი, რომელიც მან „ჩოჩორს“ მისწერა – კაკაბაძე მას ეუბნება, რომ კვალის არევის გამო მსგავსი ქმედება დანაშაულია.

ტარიელ კაკაბაძე მოითხოვს, „სასწრაფოდ დადგინდეს, ვინ იმალება “ნასვამი ჩოჩორი”-ს უკან“.

ადვოკატი ამბობს, 2026 წლის 16 აგვისტოს მის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მას დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელში „ნასვამი ჩოჩორის“ სახელით მოქმედებდა და უთხრა, რომ გურამ დადიანიძის საქმის პროცესში იყო ჩართული და დახმარების გაწევა სურდა.

კაკაბაძის თქმით, თავდაპირველად აღნიშნული პირის ინფორმაცია სერიოზულად არ აღუქვამს, თუმცა უთხრა, რომ რაიმე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მისთვის მიეწოდებინა.

მისივე თქმით, მოგვიანებით „ნასვამი ჩოჩორის“ სახელით მოქმედმა ანგარიშმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ-გვერდზე თავად კახა გელაშვილი და კიდევ ერთი პირი, ვლადიკავკაზიდან, იყვნენ შესულები. კაკაბაძის განცხადებით, აღნიშნული პირის თქმით, პოსტი „დედა, ცოცხალი ვარ“ კახა გელაშვილის მიერ იყო გამოქვეყნებული.

„ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს“, – წერს კაკაბაძე.

მისივე თქმით, აშშ-ში 10-საათიანი ფრენის შემდეგ ჩავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონია. კაკაბაძე აცხადებს, რომ ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში მიიღო შეტყობინება, რომელშიც აღნიშნული ანგარიშის მფლობელი ატყობინებდა, რომ ოსურ ენაზე გამოქვეყნებული პოსტი – „დადგა ჟამი“ – მისი დაწერილი იყო.

„როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს. სასწრაფოდ დადგინდეს, ვინ იმალება „ნასვამი ჩოჩორის“ უკან“, – წერს ტარიელ კაკაბაძე.


გურამ დადიანიძის დედა უკვე 12 წელია შვილს უშედეგოდ ეძებს.

„რომელი ლოცვა წავიკითხო, ცოცხალი ვთქვა, თუ მკვდარი“ – 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანის დედა მოითხოვს, რომ ნებართვა მისცენ და გაითხაროს წლების წინ დამეწყრილი ადგილი, სადაც შესაძლოა მისი შვილის ცხედარი იყოს. გურამი 2014 წელს 17 წლის იყო. ახალგაზრდა კაცის დედამ ამაზე გადაცემაში „შენი ამბავი“ თაიასთან ისაუბრა.

სოფიო ბიბილაშვილი საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს.

2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ექსკურსიაზე ახალგაზრდების დაახლოებით 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, რომელთაც თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ – ბიჭის მამიდის ახლობელი.

როგორც წლების წინანდელ ინტერვიუში გურამთან მყოფი პირები ჰყვებიან, ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა.

როდესაც ის ქვემოთ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა, მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმა გურამის ძებნა დაიწყეს.

დედის თქმით, ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ მას გზა აერია და ჰკითხეს, შემთხვევით ხომ არ მისულა მასთან.

დედის ვერსიით, ბავშვებმა გამომძიებელი შეცდომაში შეიყვანეს და მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე კი არ ჩამოჯდა, არამედ მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა, შესაძლოა მას ფეხი დაუცდა, ჩავარდა და იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა.

როგორც დედა ჰყვება, ცოტა ხნის წინ უთხრეს, რომ თავის დროზე გამოძიების ფარგლებში ადგილზე სამძებრო-სამუშაოები ჩაატარეს და მიწას დანადგარიც გადაატარეს, თუმცა სოფიო ბიბილაშვილის თქმით, ის მოატყუეს.