საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესის გარკვეული მოთხოვნების ამოქმედების 2027–2028 სასწავლო წლამდე გადავადების შესახებ.
სამინისტროს განცხადებით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად – მათ საგნის გამოცდის ჩაბარება ორჯერ შეეძლებათ. ამავდროულად, განათლების სამინისტრო ამბობს, რომ პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.
„მოგეხსენებათ, 2026–2027 სასწავლო წლიდან გაზრდილი საათობრივი ანაზღაურების მისაღებად მასწავლებელს უნდა ჰქონოდა იმ საგნის/საფეხურის სწავლების დადასტურებული კომპეტენცია, რომელსაც ასწავლის. აღნიშნული მოთხოვნის მიზანი იყო მასწავლებლის კვალიფიკაციისა და საგნობრივი დატვირთვის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
ახალი გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგთა მხარდაჭერისა და სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ მასწავლებლებს დამატებით მიეცემათ გონივრული ვადა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად – მათ საგნის ჩაბარება 2027–2028 სასწავლო წლის დაწყებამდე მოუწევთ.
გარდამავალ პერიოდში სამინისტრო მასწავლებლებს კვლავ შესთავაზებს დამატებით მხარდაჭერას. პედაგოგებს ორჯერ მიეცემათ კომპეტენციის დადასტურების შესაძლებლობა – საგნის გამოცდა მასწავლებლებისთვის, როგორც ზაფხულში, ასევე, ზამთარშიც ჩატარდება. ამავდროულად, პედაგოგებს საშუალება ექნებათ, უსასყიდლოდ გაიარონ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინტენსიური საგნობრივი მომზადების კურსები.
სამინისტრო პრიორიტეტულად მიიჩნევს სასწავლო პროცესის ხარისხის თანმიმდევრულ ზრდასა და თითოეული მასწავლებლის პროფესიული სტაბილურობის, ღირსეული შრომითი პირობებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მხარდაჭერას. მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზნებს ემსახურება: მასწავლებლებს მიეცათ დამატებითი დრო და მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის დასადასტურებლად, ხოლო სკოლებს – შესაძლებლობა, მომზადებულად შეხვდნენ ახალ მოთხოვნებს ისე, რომ გარდამავალ პერიოდში არ შეიქმნას სასწავლო პროცესის უწყვეტობის რისკი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
განათლების სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ პარალელურად მუშაობენ მასწავლებელთა საკადრო დეფიციტის პრევენციისა და მართვის ერთიან, გრძელვადიან, სისტემურ სტრატეგიაზე, რომელიც „უზრუნველყოფს არსებული საკადრო საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებასა და შესაძლო დეფიციტების პრევენციულ თუ ინტერვენციულ მართვას“.