სირცხვილია, 2008 წლის ომის დროს მე საქართველოს ვეხმარებოდი - პავილიონისი მდინარაძეს

პუბლიკა

ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კომენტარს ეხმაურება.

მდინარაძემ პოზნერისთვის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუკი რუსებს ავუკრძალავთ ქვეყანაში შემოსვლას, უნდა ვიმსჯელოთ იმაზეც, „ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში“, რადგან მანაც პოზნერის მსგავსი კომენტარი გააკეთა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე.

პავილიონისი კი საპასუხოდ Twitter-ზე წერს, რომ ეს შედარება მისთვის სამარცხვინოა, რადგან 2008 წელს, ომის დროს, საქართველოს ეხმარებოდა და მას შემდეგ რუსულ აგრესიას ყოველდღიურად უპირისპირდება.

„სირცხვილია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი და ჩემზე იყო დაკისრებული პასუხისმგებლობა, დავხმარებოდი საქართველოს და მის მოქალაქეებს რუსეთის გაუგონარი აგრესიის წინააღმდეგ.

იმ რთული პერიოდიდან მოყოლებული მე ყოველდღიურად ვიბრძვი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთელ რეგიონში“, – წერს პავილიონისი.


რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.