სისხლის დონაციაზე რეკომენდაცია სამინისტრომ გაითვალისწინა - თანასწორობის მოძრაობა

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ “თანასწორობის მოძრაობის” რეკომენდაცია გაითვალისწინა და მსმ თემისთვის სისხლის დონაციის აკრძალვა 12 თვის ვადით განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას “თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს.

ორგანიზაციამ რეკომენდაციით ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის თებერვალში მიმართა.

რეკომენდაცია ითვალისწინებდა, რომ „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის №241/ნ ბრძანების №1 დანართის 651 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულიყო შემდეგნაიარად:

ე) მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან (გადავადება 12 თვით ბოლო კონტაქტიდან).

რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა. ცვლილება ძალაში 2020 წლის 31 მარტიდან შევა.

`მიუხედავად იმისა, რომ მსმ პოპულაცია, ზოგადად, მაღალ რისკ-ჯგუფს განეკუთვნება, „ფანჯრის პერიოდის“ ათვლა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში იწყება რისკის შემცველი ქცევის უკანასკნელი მომენტიდან. შესაბამისად, მსმ პირებისთვის სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის შეზღუდვა იმაზე მეტი ვადით, ვიდრე აუცილებელია სისხლის ტესტის ე.წ. „ცრუ უარყოფითი“ პასუხის რეალური რისკების გამოსარიცხად, არათანაზომიერი და არაკონსტიტუციურია, “- ამბობენ ორგანიზაციაში.