სიტუაცია მარტივი არ არის. არ ვიცი, როდის შედგება „ოცნებასთან“ შეხვედრა - ვაშაძე

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების წევრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრიდან ეტაპობრივად გამოდიან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ დანიელსონი შეეცდება, საქართველოში იყოს მანამ, სანამ შეთანხმება არ შედგება.

„რომ გითხრათ, რომ დღეს რამე განსხვავებული კუთხით წავიწიეთ წინ, ასე კონკრეტულად არ არის“, – თქვა ვაშაძემ.

მისი ინფორმაციით, ოპოზიცია მზადაა რაციონალური კომპრომისებისთვის. მან სამუშაო დოკუმენტის შინაარსზე არ ისაუბრა და მხარდამჭერებს მიმართა, რომ ოპოზიცია შეხვედრაზე იცავს მათ პოზიციას.

„სიტუაცია მარტივი არ არის. შეიძლება, შეხვედრა უკვე იყოს ხვალ და არა დღეს, ჩვენი შეხვედრა, არ ვიცი, გაერთიანებული თუ ისევ ცალკე. როგორც ჩანს, არის ბევრი საკითხი, რომელზეც აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ უახლოეს დღეებში უნდა მივიდეთ დასრულებამდე.

ამ შეხვედრაზე არ ვიცი, რა პოზიცია აქვს „ქართულ ოცნებას“, რაზე საუბრობენ ისინი. დოკუმენტი, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არ არის არც ოპოზიციის, არც „ქართული ოცნების“ დოკუმენტი. ეს არის მედიატორების, ანუ ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სახელით შემოთავაზებული დოკუმენტი, რომელსაც ეთანხმება ამერიკის მხარე. შესაბამისად, დოკუმენტზე, რომელზეც გვესაუბრებიან, ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და შეილება მეორე მხარესაც ბევრი საკითხი აქვს. არ არის ისე, რომ ან „ქართული ოცნება“, ან ოპოზიცია ვმუშაობთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არ იცის, რა შედეგი დადგება მოლაპარაკების შემდეგ.

„მე ვერ წარმომიდგენია, პატიმრები ციხეში დავტოვოთ ისევ და ამაზე გვქოდეს  საუბარი. ამას ვაფიქსირებ ამ შეხვედრაზეც. რა იქნება დანარჩენი სხვა მხრიდან, ამაზე ვიტყვით“, – თქვა ვაშაძემ.