SJC-მ ადიგენში მუსლიმების დევნის გამოძიების მოთხოვნით საგამოძიებო სამსახურს მიმართა

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს 2024 წლის 8 მარტს ადიგენში განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება და სსკ-ის156-ე მუხლის (დევნა) საფუძველზე გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოძიების წინაშე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის ინტერესებს წარმოადგენს.

2024 წლის 8 მარტს გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეო-მასალა, რომლის თანახმადაც, ადიგენში რელიგიური მიზნით მოქმედი შენობის მესაკუთრის, იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის მიმართ ძალადობრივი მუქარა და სიძულვილის ენა გამოიყენეს და ხელი შეუშალეს რელიგიურ საქმიანობაში.

8 მარტს პარასკევის ტრადიციული ჯუმა ლოცვის დროს მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი (200-მდე ადამიანი) დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან შეიკრიბა და იქ მყოფ მუსლიმებს სახლის დატოვება მოსთხოვა. ამ დროს იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ლოცვას აღავლენდნენ.

გავრცელებულ ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე, პოლიციის კორდონის მიუხედავად, ცდილობდა იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის სახლში შეჭრას და ძალადობით ემუქრებოდა მას.

ვიდეოში ისმის ნიკოლოზ გეწაძის ხმა. იგი შემდეგი სიტყვებით მიმართავს მერაბ მიქელაძეს: „გაგიხევ სახეს, შე [გინება]”, „დედას ვფიცავარ, თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ“. მღვდელი ასევე უთითებდა: „ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება” და შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ: „ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის”, „ქრისტიანების იქნება”.

აღსანიშნავია, რომ წინა პარასკევს, პირველ მარტს ასევე ჰქონდა ადგილი მსგავს ეპიზოდს, როდესაც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა, მათ შორის ნიკოლოზ გეწაძემ,  მუსლიმებს ამ შენობის დატოვება მოსთხოვეს. მუსლიმი თემის შევიწროების მსგავსი ეპიზოდი მოხდა 2023 წლის ივლისის თვეშიც.

მაშინაც ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირები მერაბ (იუსუფ) მიქელაძის შენობასთან მივიდნენ და მუქარით მუსლიმი ლიდერებისგან რელიგიური საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვეს. ადგილზე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკებაც, რომელიც  პოლიციამ განმუხტა. მომხდარის შემდეგ, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, მართლმადიდებელ და მუსლიმ სასულიერო პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც  კონფლიქტისა და დაპირისპირების  თავის აცილების მიზნით, დათმობაზე წასვლა მოუწიათ.

კერძოდ, ისინი დათანხმდნენ, რომ დაბა ადიგენში იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობაში დროებით გააგრძელებდნენ ლოცვას ვიდრე, მოშორებით მდებარე სოფელ იჯარეთში ადგილობრივი თვითმმართველობა არ შეუძენდა ახალ ფართს რელიგიური საქმიანობისთვის. თუმცა, ამ დრომდე თვითმმართველობას არ გადაუცია მუსლიმებისთვის ალტერნატიული შენობა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ ამ დრომდე მუქარის, დევნისა და რელიგიური საქმიანობისთვის ხელშეშლის არცერთ ეპიზოდს სამართალდამცავი ორგანოების სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

ორგანიზაციის შეფასებით, მუქარისა და შევიწროების განგრძობადობა, ასევე რელიგიური შეუწყნარებლობის აშკარა მოტივი აჩვენებს, რომ ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლისა და სასულიერო პირების, მათ შორის, ნიკოლოზ გეწაძის მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დევნას რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულის გამოძიება კი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მანდატში ექცევა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა.

„წინა წლებში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევას სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია, რაც დაუსჯელობის კლიმატს ქმნის და ძალადობის განმეორების რეალურ წინაპირობებს აჩენს.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს მძიმე გავლენა აქვს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებზე, არამედ მთელს თემზე, რომელსაც უფლების დარღვევის მსხვერპლი მიეკუთვნება. მას მძიმე  ასევე მძიმე გავლენა აქვს სოციალურ მშვიდობაზე და განსხვავებული ჯგუფების დემოკრატიული თანაარსებობის პრინციპზე. სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მსგავსი დანაშაულების გამოუძიებლობა უმცირესობებში აღრმავებს მარგინალიზაციის და დაუცველობის განცდას და მკვეთრად ამცირებს ნდობას სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. სწორედ ამიტომ მსგავსი დანაშაულების დაუსჯელობა აღრმავებს მუსლიმი თემის მარგინალიზაციას და  დაუცველობას და წარმოშობს უთანასწორობასა და სოციალურ კონფლიქტებს საზოგადოებაში.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხდარს მოჰყვეს დროული და სათანადო რეაგირება და ქართველი მუსლიმი თემის უფლებების დაცვისთვის სახელმწიფომ რეალური სამართლებრივი გარანტიები შექმნას”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: 

დროულად დაიწყოს ადიგენში ქართველი მუსლიმების განგრძობადი დევნის ფაქტის გამოძიება  და  საქმეზე ეფექტიანი რეაგირებისთვის  ყველა  საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის, დევნაში ჩართული სასულიერო პირების დროული გამოკითხვა.