სოციალური სამუშაოს კუთხით ქვეყანაში კვლავ ფრაგმენტულად და ფორმალურად იდგმება ნაბიჯები | სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ანგარიში

პუბლიკა

ადამიანური რესურსების საჭიროება, მძიმე სამუშაო პირობები, სოციალური მუშაკების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეები – სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მესამე და საბოლოო ალტერნატიულ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც სოციალური მუშაობის შესახებ კანონის აღსრულებას ეხება.

მონიტორინგი მოიცავდა, კანონის სამოქმედო გეგმის მიხედვით,  პასუხისმგებელი უწყებებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე შესასრულებელ საკითხებს. თუმცა ასევე მოკვლეულია ღონისძიებებიც, რომელთა შესრულებაც 2025 წლამდე ეტაპობრივად უნდა მოხდეს.

მონიტორინგისთვის სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ასევე ჩაატარა სამაგიდო და თვისებრივი კვლევები, ფოკუსჯგუფებისა და სიღრმისეული ინტერვიუების გამოყენებით.

მონიტორინგისას შესაფასებელი ამოცანები იყო: კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც მოიცავდა უსაფრთხოების წესების დანერგვას, გადაუდებელ შემთხვევებზე 24-საათიანი რეაგირების უზრუნველყოფას, პროფესიული ეთიკის დანერგვას და სხვ. საპარლამენტო კონტროლს, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინონ პარლამენტს ანგარიში; სოციალური მუშაკების შტატების ზრდას და დეცენტრალიზაციას, ასევე ხელფასების მატებასა და პროფესიის პოპულარიზაციას.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით კი, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 12 ღონისძიების შესრულების მაჩვენებელი შემდეგია: სრულად შესრულდა – 6 ღონისძიება; ნაწილობრივ – 5 ღონისძიება; არ შესრულდა – 1 ღონისძიება; სტატუსი ვერ/არ მიენიჭა – 0 ღონისძიებას.

რა საკითხები რჩება გადასაჭრელი?

1. ადამიანური რესურსების საჭიროება

როგორც სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წერს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და სათანადო რაოდენობის ადამიანურ რესურსზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქმეთა ზღვრული/გონივრული რაოდენობის დადგენა თუ პროფესიული გადაწვის მაჩვენებლის შემცირება.

მონიტორინგის პროცესში კი კვლავაც გამოიკვეთა სოციალური მუშაკის კადრის დამატების საჭიროება და აუცილებლობა თითოეულ უწყებაში, როგორც ერთ-ერთ პრობლემური და კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი.

2. დიდი მოცულობის საქმეთა რაოდენობა

„მონიტორინგით კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ თითქმის ყველა უწყებაში სოციალურ მუშაკებს უმძიმეს სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ სოციალურ მუშაკებს არანორმირებული და ხელფასთან და პასუხისმგებლობებთან შეუსაბამო მოცულობის საქმეთა რაოდენობა აქვთ, რაც მკვეთრად აუარესებს მომსახურების ხარისხს და უარყოფითად აისახება დასაქმებულთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამის გამო კი მზარდია პროფესიიდან კადრების გადინების მაჩვენებელი.

3. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სირთულეები

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების მიხედვით, ყველა ანგარიშში მახვილდებოდა ყურადღება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. კვლევის შედეგად კი გამოვლინდა, რომ ტრანსპორტირების საკითხის სრულად უზრუნველყოფა ვერცერთ უწყებაში, მათ შორის ვერც მუნიციპალიტეტებში, ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

„თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროგრესი ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით ნამდვილად შესამჩნევია“, – ნათქვამია ანგარიშში.

4. საველე ვიზიტების დროს სოციალურ მუშაკთა უსაფრთხოება

ანგარიშის მიხედვით, გამოვლინდა, რომ ერთ-ერთ საყურადღებო საკითხს წარმოადგენს ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომლითაც სოციალური მუშაკის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული ვიზიტების დროსაც.

„მოგეხსენებათ, სოციალური მუშაკები საველე პრაქტიკას ახორციელებენ და მათ შესაძლოა დღეში რამდენიმე რისკის შემცველ ადგილას მოუწიოთ მარტო გადაადგილება, რა დროსაც მინიმუმამდეა დაყვანილი სამსახურების მიერ მათი უსაფრთხოების დაცვა“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

5. ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალური მუშაობის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები

როგორც სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წერს, ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ის ფუნქცია-მოვალეობები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროდან ადგილობრივ თვითმართველობას უნდა გადაეცეს.

შესაბამისად, ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობა  სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ ფუნქციონირებს. ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ მდგომარეობა განსხვავდება რეგიონების მიხედვით, ზოგიერთ რეგიონში სხვა სპეციალისტს შეუთავსეს სოციალური მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები, ზოგ რეგიონში კი ასეთი კადრი საერთოდ არ ჰყავთ.

6. ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის დანერგვასთან დაკავშირებული სირთულეები

„კვლევით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ იგივე მდგომარეობის წინაშე ვდგავართ ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის დანერგვის კუთხით, რაც მუნიციპალიტეტების შემთხვევაშია“, – ნათქვამია ანგარიშში.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წერს, რომ სამედიცინო დაწესებულებები ამ ეტაპზეც არ არიან მზად აღნიშნული ცვლილებებისთვის და რამდენად სათანადოდ ხდება სოციალური მუშაობის განხორციელება და პაციენტთა უფლებების დაცვა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.

7. სერტიფიცირების პროცესი

ანგარიშში ნათქვამია, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სერტიფიცირების კურსის გავლა შესრულებულია და ამ კვლევაში ეს საკითხი მოკვლეული აღარ ყოფილა. თუმცა მაინც გამოვლინდა, რომ კანონის ეს ჩანაწერი მეტ კონკრეტიკას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერტიფიცირება გადაიზრდება დაუსრულებელ პროცესში.

8. პროფესიის პოპულარიზაციის მწირი ძალისხმევა

„ვფიქრობთ, აღნიშნული ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენი შეფასებით, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანები, როგორებიცაა, კადრების რაოდენობა, მუნიციპალიტეტსა და ჯანდაცვის სფეროში სოციალური მუშაობის დანერგვა და განხორციელება თუ საქმეთა ზღვრული ოდენობა, ვერ შესრულდება თუ არ შესრულდა აღნიშნული ამოცანა.

ვფიქრობთ, სწორედ პროფესიის პოპულარიზაციითაა შესაძლებელი როგორც ახალი კადრების მოზიდვა, ასევე უკვე არსებულთა პროფესიაში შენარჩუნება“, – წერს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასკვნის სახით სოციალურ მუშაკთა გაერთიანება წერს, რომ კანონის არსებობის მიუხედავად, სოციალური სამუშაოს განვითარების კუთხით ქვეყანაში ჯერ კიდევ ფრაგმენტულად და ფორმალურად ხდება ნაბიჯების გადადგმა.

ხოლო მონიტორინგმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, რომ სოციალურ მუშაობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კვლავ საერთაშორისო ვალდებულებებზეა მიბმული. თავად სახელმწიფო ინსტიტუტები კი ბოლომდე ვერ იაზრებენ პროფესიის მნიშვნელობას მოქალაქეთა სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

„ასევე, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია კანონში არსებული ხარვეზული ჩანაწერების, როგორიცაა სერტიფიცირება, კადრების რაოდენობა, საქმეთა ზღვრული ოდენობა და ა.შ. გამოსწორება და უფრო მკაფიო განსაზღვრებების გაკეთება“, – ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები:

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება პასუხისმგებელ უწყებებს ზოგადი და კონკრეტული რეკომენდაციებითაც მიმართავს. მათ შორის ნათქვამია, რომ:

  • უნდა მოხდეს სოციალური მუშაობის კანონითა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებლობებისა და ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულება;
  • პასუხისმგებელი უწყებების მიერ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონითა და სამოქმედო გეგმით ნაკისრი პასუხისმგებლობების შესრულების ხარისხსა და ეფექტიანობაზე;
  • სამოქმედო გეგმის განახლების პროცესში შესრულების ინდიკატორების გაწერა განხორციელდეს იმგვარად, რომ ინდიკატორები იყოს ნათელი, კონკრეტული, დროში-განსაზღვრული, შესრულებადი და გაზომვადი;
  • პროფესიის პოპულარიზაციის კუთხით საჭიროა მეტად კოორდინირებული მუშაობა ყველა უწყებასთან და სხვ.

უფრო დაწვრილებით რეკომენდაციებსა და ზოგადად, ანგარიშის სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე.