„სოლიდარობა მედიას!“ | „ოცნების“ ოფისთან ლეიბორისტების მერობის კანდიდატმა აქცია-პერფორმანსი გამართა

პუბლიკა

„სოლიდარობა მედიას!“ – თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ლეიბორისტული პარტიის მერობის კანდიდატმა აქცია-პერფომანსი გამართა.

მიხეილ ქუმსიშვილმა „ოცნების“ ოფისთან გამოფინა მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაზარალდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ვიცე-მერობის კანდიდატი, მამუკა ჯუღელი პირად Facebook-გვერდზე აქვეყნებს.

„ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაზარალდა, მსგავსი მეთოდებით კი მედიას მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ებრძვიან“, – წერს მამუკა ჯუღელი.


„მთავარი არხის“ ინფორმაციით, გუშინ ოპერატორი ლევან აბლოთია ჟურნალისტ ბექა ყორშიასთან ერთად ქარელში „ქართული ოცნების“ ოფისში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რა დროსაც ის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

აბლოთია „ნიუ ჰოსპიტალსში“ მრავლობითი დაზიანებით წუხელ, 15 სექტემბერს შეიყვანეს. ექიმის თქმით, აღენიშნებოდა ექსკორიაციები და ტკივილი. ჩაუტარდა სხვადასხვა გამოკვლევა. აბლოთიას თქმით, აკრძალული აქვს მოძრაობა, სანამ დაზიანებები არ მოურჩება.