სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარზე დაპირისპირება შეჩერდა

პუბლიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ რუსეთის მედიაციით, საზღვარზე აზერბაიჯანთან დაწყებული დაპირისპირება შეჩერდა. სომხეთის თავდაცვის უწყება ადასტურებს, რომ დაღუპულია მათი ერთი სამხედრო, 12 კი ტყვედ ჩავარდა. არაოფიციალური ინფორმაციით, დაპირისპირების მსხვერპლი შესაძლოა, 15-მდეც იყოს.

თავიანთი შეიარაღებული ძალების რიგებში დაჭრილებზე საუბრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. მაგრამ არიან თუ არა მათ შორის დაღუპული ჯარისკაცები, აზერბაიჯანი ინფორმაციას არ ავრცელებს.

ილჰამ ალიევმა დაპირისპირების დაწყებაში სომხეთი დაადანაშაულა. მისი თქმით, სომხურმა მხარემ არაერთხელ წამოიწყო პროვოკაცია მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიების მიმართულებით. გუშინ კი ერთ-ერთ ასეთ პროვოკაციას ადეკვატური პასუხი მოჰყვა.

თავის მხრივ, სომხეთის ხელისუფლება კონფლიქტის წამოწყებაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. ერევანში შიშობენ, რომ აზერბაიჯანი ცდილობს არა მარტო მთიანი ყარაბაღის, არამედ უშუალოდ სომხეთის ტერიტორიებიც დაიკავოს და ნახიჩევანსა და თურქეთს სახმელეთო გზით დაუკავშირდეს.

გუშინ სომხეთმა რუსეთს თანამშრომლობის ფარგლებში პასუხისმგებლობის აღებისა და სომხეთის ტერიტორიის დასაცავად შეიარაღებული ძალების ჩართვისკენ მოუწოდა. სომხეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ უკვე მათ ტერიტორიებზე დაიწყო პოზიციების დაკავება და არღვევს სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას.

სიტუაციის ესკალაციის პარალელურად გუშინ სატელეფონო საუბრები შედგა, ერთი მხრივ, რუსეთისა და აზერბაიჯანის, მეორე მხრივ კი, რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებს შორის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ის ორივე მხარეს მოუწოდებს დაპირისპირების შეჩერებისა და ტყვეების გათავისუფლებისკენ.

ასევე, გუშინ  სომხეთის პრემიერმა სატელეფონო საუბრები გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შარლ მიშელი ესაუბრა აზერბაიჯანის ხელისუფლებასაც. საბოლოოდ, როგორც მხარეები აცხადებენ, მოსკოვის შუამავლობით, დაპირისპირება შეჩერდა.

თუმცა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და მთიან ყარაბაღში ვითარება პერიოდულად მწვავდება. დაპირისპირება არაერთხელ დასრულდა მსხვერპლით.