სპეცოპერაციის ავტორებმა უზრუნველყვეს ზელენსკის განცხადება - მდინარაძე

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა სააკაშვილის გადაყვანასთან დაკავშირებით სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის სპეცოპერაციის ავტორების უზრუნველყოფილია.

„ჩვენ წინა პერიოდის განმავლობაში ვამბობდით, რომ ეს იყო მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა საქართველოში იყო სპეცოპერაცია. დღეს სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის ობიექტის, შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ხომ  ფაქტებს ვიშველიებთ? მათ შორის, შემთხვევითი არ არის, ამ განცხადებასთან თანხვედრაში ლოგიკურად შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლებაში დღეს, აი, მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო.

დიახ, მათ აქვთ მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას… ეს ერთმანეთთან კორელაციაში უნდა განვიხილოთ, შემთხვევით ასეთი რაღაცები არ ხდება. ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით, რაც ჩავარდა და დღეს ჩვენ ყველა განცხადებას განვიხილავთ ამ კონტექსტში“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეკითხვაზე, ვინ არის სპეცოპერაციის დამგეგმავი და ვინ ეხმარებოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას, მდინარაძემ თქვა, რომ ავტორების დასახელებისგან თავს იკავებენ.


„ის, რაც ახლა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ხდება, არის შეურაცხყოფა, ეს არ შეეფერება საქართველოს და უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.