სტანო: მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ნებაყოფლობით აიღო

პუბლიკა

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც აიღეს თავად, ნებაყოფლობით, როდესაც თავიანთი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი წარადგინეს”

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ის, რასაც ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით კი პოლიცია აკეთებს, ძალადობაა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ გამოხატა ნამდვილად დ შთამბეჭდავი მხარდაჭერა და სურვილი მათი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროპული გზის მიმართ.

„ის, რაც ვიხილეთ საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეში ხელისუფლების რეაგირების კუთხით, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, იყო ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის აქტებს დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის თანამშრომლების წინააღმდეგ.

ეს არის სასტიკი ქმედებები, სასტიკი ქმედებები ჩვენ ასევე ვიხილოთ გასულ ღამესაც. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას. მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს პროტესტის უფლება, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სათანადოდ გამოიძიოს ყველა გადაცდომა და ძალადობა, თუ ეს ჩადენილი იქნა. ველოდებით, რომ ამაზე პასუხისმგებელი პირები სასამართლოს წინაშე აგებენ პასუხს” – თქვა პიტერ სტანომ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რას გაააკეთებს ევროკავშირი, თუ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს.

„ზოგადად, ის, რასაც ევროკავშირი გააკეთებს, არ არის ის, რისი გაკეთებაც სურს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, თუმცა ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში შექმნილ სიტუაციას. არაერთმა წევრმა სახელმწიფომ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადა, რას ფიქრობენ ამ სიტუაციაზე, განსაკუთრებით უცხოური ჩარევისა და ე.წ. გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით.

სანქციები არ არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი, სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ, როდესაც ისინი მივლენ კონსენსუსამდე, რომ სხვა ვერაფერი მოიტანს სასურველ შედეგს. ჩვენ ჯერ იქ არ ვართ. ბოლოს და ბოლოს, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმედოვნებთ, ველოდებით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, შეასრულოს ყველა ვალდებულება, რომელიც აიღეს თავად, ნებაყოფლობით, როდესაც თავიანთი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი წარადგინეს”. – განაცხადა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა.