სულ რამდენი პედაგოგია აცრილი კერძო და საჯარო სკოლებში

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე პედაგოგებში ვაქცინაციის სტატისტიკის შესახებ ისაუბრა.

გამყრელიძის ინფორმაციით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის დაახლოებით 55% მინიმუმ ერთხელაა აცრილი, სრულად აცრილია 33%.

პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%.

კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თბილისში (70%).

გამყრელიძემ ასევე ისაუბრა მაღალმთიანი რეგიონების 332 სკოლაში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე, სადაც 4 ოქტომბერს დაგეგმილია, რომ სწავლა საკლასო ოთახებში აღდგეს.

გამყრელიძის ინფორმაციით აღნიშნულ სკოლებში სულ 10 000-მდე მოსწავლე სწავლობს და 6 700 პედაგოგი და ადმინისტრაციული პერსონალი ირიცხება.

აღნიშნულ სკოლებში გამოიკვლიეს დაინფიცირების მაჩვენებელიც, მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1.8% არის, ხოლო ბოლო 6 თვეში პედაგოგების 6% დადასტურებული ჰქონდა ვირუსი.

აღნიშნულ სკოლებში პედაგოგთა 25% არის აცრილი.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რადგან ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ადასტურებს მზაობას, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს, სასურველია, რომ სკოლებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი იყოს 80%.

ამავე დროს, ჩვენ ასევე ვითვლით რამდენ ადამიანს, იგივე მასწავლებლებს აქვთ გადატანილი ინფექცია, იმიტომ, რომ ესეც შედის საერთო კუმულაციურ იმუნიტეტში და შესაბამისად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მაგრამ მარტო მასწავლებლები არა, როდესაც ჩვენ  გვინდა, რომ ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, კეთილი ინებონ და თითოეულმა ოჯახის წევრმა მშობლებმა, ბებია-ბაბუამ აიცილებლად უნდა აიცრან“,- განაცხადა გამყრელიძემ.