სუს-ის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმეზე სომხეთის საზღვართან ნეიტარალურ ზონაში დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად ედება დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.
მაღრაძემ ბრიფინგზე თქვა:
„შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოთხ ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში, აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით დაკავებულს შეძენილი ჰქონდა ზემოთ ხსენებული საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს საჭიროების შემთხვევაში დივერსია უნდა მოეწყოთ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გასული წლის 4 ოქტომბერს ასევე მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ“.
მაღრაძის თქმით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გასული წლის ექვს ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო რვა ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სუსის უფროსის მოადგილემ ასევე თქვა, რომ გარდა აღნიშნული კვალიფიკაციისა, გამოძიება მუშაობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის თუ საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებით.
მისივე განცხადებით, ასევე, „გამოძიება მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩო ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის ოთხი ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან“.
2025 წლის 5 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მან დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დეტონატორიანი ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა, რომლის მეშვეობითაც 4 ოქტომბრის არეულობის დროს „დივერსიული აქტები“ უნდა განხორციელებულიყო. უწყების თქმით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფის მითითებით“ განხორციელდა.
4 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
დაახლოებით 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაშლილი სცენიდან პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ „ამ წუთიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს”, „ენმ-ის” წევრმა, მურთაზ ზოდელავამ კი შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაენაცვლათ, რომელიც თავისუფლების მოედანთან ახლოს მდებარეობს.
მისი განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოქალაქეების ნაწილი ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იყო.
აქციის მონაწილეების ნაწილმა შეანგრია პრეზიდენტის რეზიდენციის ჭიშკარი და ღობე და ეზოში შევიდა. მალევე ეზოში გამოჩნდა სპეცრაზმი. სპეცრაზმმა დემონსტრანტები წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. გამოიყენეს ე.წ გაზის კაფსულაც.
აქცია 16:00 საათიდან იყო დანიშნული. დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პაატა ბურჭულაძემ „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის” წევრები დაასახელა: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე.
4-5 ოქტომბრის ღამით დააკავეს აქციის „საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრი.
პროკურატურა აცხადებს, რომ ზოდელავა, ბურჭულაძე, ნადირაძე და ლაშა ბერიძე იყვნენ იმათ შორის, ვინც შეიჭრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში.
4 ოქტომბრის დემონსტრაციისთვის მზადება დაახლოებით 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. „4-ში ვიწყებთ, 4-ში დავამთავრებთ” და „მშვიდობიანი დამხობა” იყო აქციის ორგანიზატორების სლოგანი.
4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 64 პირს წარუდგინეს ბრალდება. განხილვა სასამართლოში ხუთ ნაწილად წარიმართა.
64-ვე მათგანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
ნაწილ მათგანს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში ედებოდა, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობაში.
64 ბრალდებულიდან თავი უდანაშაულოდ ცნო 30-მა მათგანმა და მოსამართლემ მათი განაჩენი არსებითი განხილვით გამოიტანა.
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 34-ს (ამ 34-დან 22 მსჯავრდებული, საპროცესო შეთანხმების თანახმად, უკვე გათავისუფლებულია, 12 მათგანი კი ციხეს რამდენიმე თვეში დატოვებს).
საქმეზე 3 მსჯავრდებული მიმალვაშია. ესენი არიან: ირაკლი შაიშმელაშვილი, ანტონ უპერი, ია დარახველიძე.
ციხეში ამ დროისთვის სასჯელს იხდის 38 მათგანი (ამ 38-ში შედის 12 მათგანიც, ვისაც საპროცესო რეალური სასჯელით გაუფორმდა).