„რატომ გავაკეთე, რას ვნანობ და რით ვამაყობ" - ელისაშვილის საბოლოო სიტყვა პროცესზე

პუბლიკა

რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალეკო ელისაშვილს, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა განაჩენამდე სასამართლომ მისი საბოლოო სიტყვა მოისმინა:

„ჩემს ადვოკატებს მადლობა დიდი შრომისთვის, ბრძოლისთვის. ციხეში პატიმრებმაც აღნიშნეს, რა კარგად იბრძვიან და რა მაგრადო, მაგრამ იცით თქვენც და არ გეწყინებათ, ამაო შრომაა, კედელს ცერცვი უნდა შეაყარო, ეგეთი ამბავია.

სამერმისოდ გამოგვადგება, თორემ ამ ეტაპზე არაფერს არ შეცვლის. ვიცით, სადაც ვარ; ვიცი, რაშიც ვმონაწილეობ; აბსოლუტურად ფორმალობაა ეს ყველაფერი და წინასწარ გადაწყვეტილია ჩემთან დაკავშირებით ყველაფერი. იმდენად, რომ დღესაც კობახიძემ დამდო პატივი და არიქა, ბატონი გელაშვილი არ შეყოყმანდეს თავის გადაწყვეტილებაშიო და კიდევ შეახსენა, ხომ იცით, ელისაშვილი ტერორისტიაო და ტერორიზმი ჩაიდინაო.

არ მგონია, რომ შეყოყმანდეს, ამას წინათ 72 წლის კაცი,  აბსოლუტურად უდანაშაულო ბრწყინვალე ექიმი ისე გაუშვა ციხეში, თვალი არ დაუხამხამებია და არც ჩემზე ინერვიულებს დიდად…”

„მოსამართლე: მოვუწოდებ ადვოკატებს… მოუწოდეთ,  დაწყნარდეს, თორემ… გაფრთხილებთ, მსგავს შემთხვევაში ერთხელ გაძევებული ხართ და განაჩენი გამოცხადდება ბრალდებულის დასწრების გარეშე. ჩაერიეთ ადვოკატები, თორემ გაძევებული იქნებით და განაჩენი გამოცხადდება თქვენი მონაწილეობის გარეშე…”

„მადლობა, გაფრთხილებისთვის, კეთილი… მოკლედ, სიტყვისთვის არ მოვმზადებულვარ, ვიცოდი, რომ არ მალაპარაკებდნენ, ამიტომ  იმ საკანში, სადაც სიგარეტის კვამლში ჩაკეტილი ვიჯექი, გუშინწინ წაკითხულ წიგნზე ვფიქრობდი…

…მაგრამ,  მოკლედ ვიტყვი კიდევ რამდენიმე რამეს. პირველი, კი, გადასარევი, არგუმენტირებული სიტყვა ჰქონდათ ჩემს ადვოკატებს, მარამ მე ვიტყვი, რატომ გავაკეთე…

პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი, ყველაზე მეტი ვიდეოკამერა რომელ შენობაზეც არის, ყველაზე მეტად დაცული შენობა რომელიც არის, მთავრობის კანცელარია, იმის წინ, ჩართული ვიდეოკამერების წინ, პირდაპირ ეთერში, პარლამენტის მოქმედი წევრი 2024 წლის 17 აპრილს დამიჭირა პოლიციამ… კამერების თვალწინ თავ-პირი დამალეწეს, პირდაპირ კადრებში ჩანს ეს. თავ-პირი დამალეწეს, ძირს დამაგდეს, წიხლით შემდგა ერთი 20 პოლიციელი დამიჭირეს და სახით მიმარტყმევინეს ფლაგშტოკს… დროშა რაზეც კეთდება. გონს რომ მოვედი რაღაცა დროის შემდეგ კანცელარიის ეზოში ვიყავი უკევ შეყვანილი.

კადრებში ჩანან ის ტიპები. ზაქრო ჩოხელია ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მე ამოვიცანი. ვითომ დაიწყეს ფორმალური გამოძიება, შენც არ მომიკვდე.

მოქმედი დეპუტატი ვიყავი, იმუნიტეტი მიცავდა, მომიტაცეს და 3 საათი გამომწყვდეული ვიყავი წერეთლის პოლიციის განყოფილებაში, წერეთლის მეტროსთან. დაკავების ოქმიც კი შეადგინეს.

ამის მერე იყო შემთხვევა – „მერიოტიდან“ ოპოზიციის შეხვედრიდან გამოვედი, ერთი ხუთი ტიპი მეცა და მე და მოჭიდავე ბიჭი, დათუაშვილი, ცემა-ტყეპით ჩაგვტენეს მინივენში. ნეკნი გამიტეხეს.

მერე რომ ამბობთ, რატომ წყდება კადრიო (გულისხმობს სასამართლოს კანცელარიაში შეღწევის საქმეს) იმიტომ, რომ ხელბორკილდადებულს სამი ტიპი მირტყამდა ერთი 20 წუთი. სანამ არ დაიღალნენ, არ გაჩერდნენ.  თქვენი იცით, რომ ის კადრები არსებობს. დარწმუნებული ვარ, ნანახიც გაქვთ.

ახლა თქვენი მანდატურები – მეთქი ვაჟკაცი ბიჭები არიან,  შევაქე და ისეთი  ჩვენებები მისცეს, გული ამერია. თქვენ არ იჯექით აქ, არ უსმენდით? ერთი იძახდა, რომ ერთი ხელი მე დავუჭირეო, მეორე ხელი მეორემო და მაინც პისტოლეტს იღებდაო. რანაირად მოახერხეთ ეგ? რვაფეხა ვარ? (იცინის) არა, პისტოლეტი არ ამომიღია. იქ ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა… იარაღსაც მშვენივრად ვხმარობ, 2008-შიც ვიბრძოდი, უკრაინაშიც ვიბრძოდი და ძალიანაც მეამაყება ეს.

და რატომ, რატომ მომივიდა ასეთი აზრები?  ახალგაზრდა გოგოებს ამ შენობაში რომ სცემდნენ, ძირს ათრევდნენ და უტყამდნენ ეს მანდატურები, რეები მაქვს წაკითხული და რეები მაქვს ნანახი… და გული მისკდებოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო პროტესტი, აბა რა იყო, შეფურთხება მინდოდა ხელისუფლებისთვის და მეჩვენებინა, რომ ვერ დაგვიმონებთ, ვერ დაგვჩაგრავთ.

ხო, კიდევ ქალაჩუნობა მაღიზიანებს ძაან, ეთერებში რომ მოვისმინე, რომ ესე იგი, პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და უღირსი საქციელი იყო… აი, ვინც ასე ფიქრობს,  გადაახვიოს ის ცემა-ტყეპები, რაც ნოემბერ-დეკემბერში ხდებოდა ქუჩაში – ფეხით რომ ითრევდნენ დაგდებულ ადამიანებს, გათიშულ ხალხს წიხლებს უტყამდნენ, ქუსლებს რომ უტყამდნენ.

მე პოლიტიკოსად არ დავბადებულვარ,  დავიბადე კაცად და ქართველად და მოვკვდები კაცად და ქართველად. პოლიტიკოსი არის ის, ვისაც ხმას აძლევენ. თუ არ მომცემენ ხმას, როცა იქნება, აღარ ვიქნები პოლიტიკოსი და მორჩა და გავათავებ. რა თქმა უნდა, მახრჩობდა ის პროტესტი და როგორც შემეძლო, ისე ვიმოქმედე. აი, ეგრე ჩავთვალე საჭიროდ და შევაფურთხე ამათ  უსამართლობას.

არ გამოვიდა. ძველებურად იტყოდნენ, მოქნეული ხმალი ვადაში გადაუტყდაო. აი, ეგრე გამომივიდა, კი ბატონო, მაგას ვნანობ, რომ აი, ასე იაფად დამიჭერდნენ,  მაგრამ მაგისთვისაც მზად ვიყავი. რა თქმა უნდა, როცა ასეთ საქმეზე მიდიხარ, ფიქრობ, რომ შეიძლება არ გამოგივიდეს და თუ არ გამოგივა, დაგიჭერენ. ვიცი რომ თავზე ხელს არ გადამისვამდნენ, რა თქმა უნდა.

თავ-პირი დამალეწეს. ის პოლიციელი ამოვიცანი სხვათა შორის, ვინც მე შემაგინა, ძალიან ბინძური რაღაც მითხრა. ახლა, რა თქმა უნდა, პროკურატურა დაფაცურდება და დაიბარებენ…(იცინის). რონი მესხია ის გათახსირებული კაცი. ვიჯექი ნაცემი და შემოვიდა, მოადგილეს ეძახდა ყველა, და მერე მივხვდი, ვინ იყო; მოვიდა და ძალიან ბინძური რაღაცა მითხრა.  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მოვიდა დაბორკილ კაცთან, ნაცემ კაცთან და საზიზღარი რაღაცა მითხრა. მაგას აუცილებლად პასუხი მოეთხოვება, ადრე თუ გვიან.

რა თქმა უნდა, ვიცოდი და მზად ვიყავი ამისთვის. წამიყვანეს მე-12, „პოლიტიკოსების ციხეში“ კი არა (ის კურორტი ციხეა, 10 დღე ვარ ნამყოფი), წამიყვანეს საშინელ ციხეში; თვითონ პატიმრები რომ იძახიან, რომ ამაზე საშინელი ციხე არ არსებობს. იქაც დამიწესეს აკრძალვები, მაგრამ ჩემი წუწუნი ხომ არ გაგიგიათ. მშვენივრად ვგრძნობ თავს იმ ციხეში. მშვენივრად ვგრძნობ თავს, რატომ? იმიტომ, რომ ვიცი, რაში ვმონაწილეობ, ვზივარ ამ ქვეყნის სიყვარულისთვის.

მოკლედ, მშვენივრად ვარ. რატომ? იმიტომ, რომ მე ამ ქვეყნის წინაშე ვარ პირნათელი. ჩემს ბინაში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ მილიონჯერ მქონდა მაგის შესაძლებლობა, საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი, პარლამენტის წევრი და ღმერთია მოწმე და რა ვიცი, პროკურატურამ ამოატრიალა ჩემი სახლი, ნახეს, როგორც  ვცხოვრობ, არასოდეს ეს ქვეყანა არ გამიძარცვავს.

პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დავუშვი. ჩემი მთავარი შეცდომა ის იყო,  პარლამენტში რომ შევედი, ვცდილობდი, რომ რაღაცა სხვა პოლიტიკური კულტურა შემექმნა და შეურაცხყოფის გარეშე მელაპარაკა პირველი სამი წელი, სანამ ამ რუსულ კანონს შემოიტანდნენ, რომ მეთქი, აი, მოდი კონსტრუქციული ოპონირების კულტურა შევქმნათ-მეთქი მარა, თურმე, სად ბანაობ… ახლა იმას ვნანობ, ყოველდღე რატომ არ ვცემდი პაპუაშვილს და მაგ მდინარაძეს.

სხვათა შორის, მინდა, ძაან გავამხნევო გახარიას ხალხი. ძაან ვაჟკაცები იყვნენ. ციხეშიც არაჩვეულებრივი გამოხმაურება ჰქონდათ. ძაან ღირსეულები იყვნენ. ძაან ყოჩაღები იყვნენ. სულ იმას ვიძახდი და სხვებიც მეუბნებოდნენ, რომ რატომ არ ვიყავი, გორდულაძეს მაინც გავაბრტყელებდი… ამათთან პოლიტიკური კონსტრუქციულობით კი არ უნდა მელაპარაკა, ისე უნდა მელაპარაკა, როგორც იმსახურებენ.

ჩემთვის არის ერთი მთავარი რაღაცა და ძაან კარგად ვიცი, რომ ერთხელ დავიბადე და ერთხელ მოვკვდები. ჩემთვის არის მთავარი ერთი რამ, რომ მამაჩემი და ჩემი შვილები ჩემით ამაყობენ და კობახიძის და მდინარაძის დედაც მოვ*ყან

უკრაინას გაუმარჯოს, საქართველოს გაუმარჯოს და დედისტ*ვნა რუსეთს!”

დარბაზი აპლოდისმენტებით შეხვდა ელისაშვილის სიტყვებს. მოსამართლემ ჩაქუჩის ბრახუნით მოითხოვა მისი გაძევება. დარბაზი დაატოვებინეს ყველა დამსწრესაც. ელისაშვილი ბადრაგმა გაიყვანა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ადვოკატების მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ალეკო ელისაშვილს 13 წელი მიესაჯა. პროკურატურა მას ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ალეკო ელისაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს