თალაკვაძე: ოპოზიციის მცდელობა, ტრანზაქციების შეფერხება დაუკავშირონ აშშ-ს, მიუღებელია

პუბლიკა

არჩილ თალაკვაძის თქმით, შვეიცარიული ბანკის მიერ ივანიშვილისთვის თანხის გადმორიცხვის დაგვიანების ფაქტის აშშ-სთან დაკავშირება ოპოზიციის მცდელობა იყო. მისი თქმით, ეს მიუღებელი და დაუჯერებელია.

„რაც შეეხება ოპოზიციისა და ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფების მცდელობას, ეს საკითხი რაღაცნაირად გადათარგმნონ, მიაბან სანქციების საკითხს და დაუკავშირონ შეერთებულ შტატებს, ჩემთვის ეს მიუღებელი და დაუჯერებელია. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია და „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ეს სპეკულაციები ახალი არ არის. ისინი არაერთხელ დაესხნენ თავს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, ელჩს, ევროკავშირის ელჩებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მას სჯერა, რომ ტრანზაქციებთან დაკავშირებული ყველა დეტალი გაირკვევა და ცხადი გახდება, რატომ მოხდა ტრანზაქციების შეფერხება.

გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბანკ Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხება კითხვებს აჩენს და არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება „კოორდინაციის შედეგი“ იყოს, რომ ეს პოლიტიკური შანტაჟია და მსგავსი კოორდინაციის მიზანი საქართველოს ომში ჩართვა შეიძლება იყოს.

მან არ დააკონკრეტა, ვის კოორდინირებულ ქმედებაზე საუბრობდა, როდესაც ჰკითხეს, გულისხმობდა თუ არა შეერთებულ შტატებს.

გუშინ გადარიცხვის შეფერხებაზე განცხადება გამოაქვეყნა ხათუნა ხოფერიამაც, ის პროსახელისუფლებო ექსპერტად პოზიციონირებს. მისი თქმით, ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს.

დღეს ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადება გაავრცელა.