თამარ კორძაიას სარჩელი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში მიიღო

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას სარჩელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.

საქმე ეხება პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უარი ეთქვა დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე და ეს უფლება დღემდე შეზღუდული აქვთ.

„დეკემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო ზოგადი ხასიათის გადაწყვეტილება და გამოაქვეყნა განცხადება, რომ შეიზღუდა მიხეილ სააკაშვილთან მონიტორინგის მიზნით საქართველოს პარლამენტის წევრების შესვლის უფლებამოსილება, თუმცა ვადა არ განუსაზღვრავს. მე აპრილში მივმართე თხოვნით, რომ განუსაზღვრელი ვადით ამ უფლების შეზღუდვა არ არის გონივრული და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. ვთხოვე, შეშვება, მაგრამ უარი მითხრა. უარი არ იყო დასაბუთებული, შემდეგ ვთხოვე დასაბუთებული პასუხი და ამაზე საერთოდ არ გამცა პასუხი.

შევიტანე სარჩელი იმიტომ, რომ არ შეიძლება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების თვითნებური შეზღუდვა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან. სასამართლომ მიიღო წარმოებაში სარჩელი და დაავალა შალვა პაპუაშვილს, წარუდგინოს სასამართლოს წარმოების მასალები. ალბათ ამ მასალების გაზიარების შემდეგ ჩაინიშნება სხდომა“, – თქვა „TV პირველთან“ დეპუტატმა თამარ კორძაიამ.