თამთა ჯანაძის გათავისუფლების საქმეზე სასამართლომ საზმაუს პროდიუსერი ეკა შონია გამოკითხა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, სოსო ღურწკაია, განიხილავს ჟურნალისტ თამთა ჯანაძის სამოქალაქო სარჩელს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან  გათავისუფლების საქმეზე.

თამთა ჯანაძე და მისი ორი კოლეგა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2022 წელს გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა არხზე ცენზურასა და ე.წ. შავი სიების არსებობაზე საჯაროდ ისაუბრეს. გათავისუფლების მიზეზად მენეჯმენტმა დაუსაბუთებელი და ცრუ განცხადებები დაასახელა.

ჯანაძე სამოქალაქო სარჩელით მისი გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.

1 აპრილს გაიმართა მოსამზადებელი სხდომა, რომელზეც გამოიკითხნენ პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი ქეთი თუთბერიძე და პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების და პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გადაცემების მთავარი პროდიუსერი ეკატერინე შონია.

ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ, რომელსაც ცენზურის მცდელობებზე საჯაროდ აქამდეც უსაუბრია, სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პრობლემა შეექმნა მის რამდენიმე სიუჟეტს, მათ შორის, 2019 და 2020 წელს გადაცემაში არ გააკეთეს 17 მაისს ლგბტქ+ თემის უფლებების შესახებ სიუჟეტები, ასევე დაიბლოკა 9 მაისზე მომზადებული სიუჟეტი, რომელშიც ომში საბჭოთა ჯარისკაცების პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი.

მანვე განაცხადა, რომ ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ ის რესპონდენტები, რომლებიც ხელისუფლების ან საზმაუს მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩევიან. თუთბერიძის თქმით, ეს ხდებოდა ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობის დროს და პროდიუსერი ეკა შონია იღებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს.

ასევე, თუთბერიძის თქმით, შონია სოციალურ ქსელებში პოსტების გამო თანამშრომლებს საყვედურობდა. მოწმის ჩვენების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილზე ფეისბუქსტატუსის გამო მან თამთა ჯანაძეს პოლიტიკაზე მუშაობა აუკრძალა. თუთბერიძემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მას შემდეგ, რაც არხის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი გახდა, მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა.

„მე შემიძლია, დაზუსტებით გითხრათ, რომ ცენზურის ფაქტები, რაზეც საუბრობდა თამთა ჯანაძე ჩემთან მიმართებით, ამას ვადასტურებ, ასევე ვადასტურებ, მე ვარ მოწმე, 2018 წლის არჩევნები ახლოვდებოდა, თამთა აკეთებდა სიუჟეტს არჩევნებზე, მე ვიჯექი მის გვერდით და გავიგონე, როგორ შემოვიდა  ოთახში ეკა შონია და ძალიან შეურაცხმყოფელი, ხმამაღალი ტონით აიძულებდა, რაღაც ეპიზოდები ამოეღო ამ სიუჟეტიდან. […] მაქვს სქრინები, სადაც დასტურდება რამდენიმე რესპონდენტის დაბლოკვა, იდეოლოგიური წნეხი, რომ როგორც ამერიკაზე არ უნდა დავწერო ცუდი, ასევე არ უნდა დავწერო რუსეთზე, სირიასა და ვენესუელაზე […] იყო რამდენიმე რესპონდენტი, ვისზეც მითხრეს, რომ არ უნდა ჩამეწერა. მიზეზი იყო, რომ იყვნენ [მენეჯმენტისთვის] მიუღებელი პოლიტიკურად, მაგალითად, ლელა ჯეჯელავა, ვისზეც პირდაპირ მითხრეს, მოაშორე აქედანო ან იყვნენ ძირითადად ადამიანები, ვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე კრიტიკული აზრები ჰქონდათ. არ ვიცი, ვისგან იღებდნენ დავალებებს, როგორც ჟურნალისტი, მტკიცებულებების გარეშე ვერაფერს ვიტყვი.

…არჩევნებზე თამთას სიუჟეტი დაჩეხეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მეორე შემთხვევა მახსენდება, როცა სააკაშვილი დაიჭირეს, თამთამ დაწერა პოსტი, რომლის შინაარსი იყო, რომ ევროპულ ღირებულებებზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფოში არავინ, არც სააკაშვილი არ უნდა იყოს წამების მსხვერპლი. ამაზე აღშფოთდა ეკა შონია, თამთასთვისაც მიუწერია, ჩაატარა სპონტანური კრება, ძალიან გაღიზიანებული იყო, ტონს უწევდა და თქვა, რომ თამთა წერსო, რომ მთავრობა უნდა გადადგესო. მან მაშინდელ პროდიუსერს მიმართა, რომ თამთას აღარ გაეკეთებინა პოლიტიკური სიუჟეტები. ასეთი „გარჩევები“ ხშირი იყო. მე სტატუსების გამო მქონდა ძირითადად. ერთხელ, ვასილ მაღლაფერიძემ ჩაატარა ჩემი სტატუსით ინსპირირებული სხდომა“, – აღნიშნა თუთბერიძემ ჩვენებაში.

ქეთი თუთბერიძის შემდეგ გამოიკითხა პროდიუსერი ეკა შონია, რომელმაც ჟურნალისტების ძირითად ბრალდებებზე განაცხადა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი ან დეტალები არ ახსოვს.

თამთა ჯანაძის ადვოკატი თეონა ზაქარაშვილი: 2019 წელს მოგმართეს, რომ გაკეთებულიყო ლგბტ თემის საკითხზე სიუჟეტი, რომელიც არ გასულა. ასეთი ფაქტი თუ იყო? გავიდა 2019 წელს ეს სიუჟეტი?

ეკა შონია: არ ვიცი, არ მახსოვს, მართლა. ეს თემა, კონკრეტულად რასაც მეკითხებით, 2019 წელს გავიდა თუ არა, არ მახსოვს…

ადვოკატი: 2020-ში?

ეკა შონია: არ მახსოვს, ქალბატონო, მაგრამ ეს თემა რომ აქტიურად შუქდებოდა ჩვენთან და შუქდება, ეს ზუსტად ვიცი. მაგალითად, ქეთი თუთბერიძის სიუჟეტი გავიდა, არ მახსოვს წელი, წლებში ცოტა არეული ვარ.

ადვოკატი: თქვენს პასუხში წერთ ლგბტ თემის დაბლოკვაზე და ამბობთ, რომ ემსახურება არა დაბლოკვას, არამედ იმიტომ არ გავიდაო, რომ მეორე აქცია არ იყო გაშუქებულიო, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით

ეკა შონია: კონკრეტულად რომელ რეპორტაჟზე მეკითხებით, არ მახსოვს, მაგრამ თუ ორი აქცია იყო ქალაქში და ერთი იყო მომხრე ამ პრაიდის, ამ ორგანიზაციის და მეორე ტარდებოდა იმ დღეს ქალაქში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ცალმხრივად, რომ ეს გაიმართა მარტო, რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი რომ  ისიც გადავიღოთ, ისიც გავაშუქოთ. შეიძლება [ამიტომ არ გავიდა სიუჟეტი], მართლა არ მახსოვს. […]

რაც შეეხება ქეთი თუთბერიძის მიერ 9 მაისზე მომზადებულ სიუჟეტს, შონიამ განმარტა, რომ ამ შინაარსის მასალის ეთერში გაშვება იმ დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან „უხერხული იქნებოდა“.

შონიამ ჩვენებაში განმარტა, რომ პროდიუსერის მხრიდან ჟურნალისტური მასალის რედაქტირება სამუშაო პროცესის ნაწილია. მისი თქმით, თუ მასალა არ პასუხობს საზმაუს განაწესს, შესაძლებელია მისი რედაქტირება ან ეთერში არგაშვება.

ადვოკატი: თქვენ საუბრობთ, რომ თამთა ჯანაძის სიუჟეტიდან ამოღებული იქნა რამდენიმე უმნიშვნელო, ძირითადად დუბლირებული ფრაზა ქრონომეტრაჟის გამო… მაგალითად, პროდუქტი მოამზადა თამთა ჯანაძემ და მას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით გარანტირებული აქვს, საკუთარი სინდისის საფუძველზე მიიღოს სარედაქციო გადაწყვეტილება. თამთამ მოამზადა სიუჟეტი და პროდიუსერმა ამოიღო… პროდიუსერი წყვეტს, რომელი ფრაზა ამოიღოს?

შონია: ჟურნალისტთან შეთანხმებით, ერთად აკეთებენ ამას.

ადვოკატი: თუ ჟურნალისტი არ გეთანხმებათ? თამთა არ გეთანხმებოდათ.

შონია: სიმართლე გითხრათ, საერთოდ თამთა ჯანაძის რეპორტაჟების შინაარსი კარგად არ მახსოვს, ალბათ, გადაცემის პროდიუსერმა უნდა თქვას, ვისი სინქრონი და რა იყო ამოღებული, მაგრამ ზოგადად, ეს სამუშაო პროცესია, როდესაც ეთერში ქრონომეტრაჟის გამო, იმის გამო, რომ არის დუბლირებული სინქრონი, ჟურნალისტი ტექსტში და რესპონდენტი თუ ერთსა და იმავეს იმეორებენ, დიახ, შეიძლება, რესპონდენტის სინქრონი იყოს მოხსნილი. ასევე შესაძლებელია, საერთოდ გადაკეთდეს ტექსტი. პროდიუსერის შეხედულებისამებრ, ჟურნალისტთან ერთად. ბოლოს რაღაც შეთანხმებამდე მივლენ.

ეკა შონიას შეკითხვით მიმართა თამთა ჯანაძემაც, რომელმაც დაუსახელა კონკრეტული სიუჟეტი და რესპონდენტები, რომლებიც მან მისი მასალიდან ამოიღო.

„[2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე] სიუჟეტში რა ქრონომეტრაჟის გამო დაჭერით ცესკოს მნიშვნელოვანი ციფრები, ასევე ამოიღეთ რამაზ საყვარელიძის, კოტე ჩოკორაიას და ერთი სტუდენტის განცხადებები? ყველა ეს კომენტარი იყო ხელისუფლების საწინააღმდეგო“, – აღნიშნა თამთა ჯანაძემ.

ეკა შონია: გულწრფელად ვიტყვი, საერთოდ არ მახსოვს თამთა ჯანაძე და ისიც არ მახსოვს, რომ მე თვითონ დავჭერი ეს სიუჟეტი, პირადად მე რომ ვიყავი, ეს არ მახსოვს. რაზე ვლაპარაკობთ, მართლა არ მახსოვს. თუ იყო ფაქტობრივი შეცდომა, ამას პროდიუსერი გადააკეთებდა. რამაზ საყვარელიძის ამოღება და ხელისუფლების კრიტიკა, ვერ გავიგე, ერთმანეთთან რა შუაშია…

ეკა შონიამ უარყო ე.წ. შავი სიების არსებობა და ვინმესგან სავარაუდო მითითებების მიღების ფაქტები.

„ბრალდებები ამ ადამიანების მხრიდან წამოვიდა მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ფორმატის ცვლილება, მანამდე უხმოდ იტანდნენ თურმე ცენზურას და შავ სიებს, ეს ცოტა უცნაურია. იმედა დარსალიამ თქვა, რომ ცენზურა არ მოდიოდა გარედან, ანუ ხელისუფლებიდან. მე კარგად ვერ ვხვდები, აბა საიდან მოდიოდა. წერტილოვნად ამ 4 ადამიანზე განხორციელებული ცენზურა ჩემთვის ცოტა უცნაურია.

შავ სიებს რაც შეეხება, ეს ადამიანები, არ ვიცი, ვინ არიან, მართლა არ ვიცი, ვინ არიან შავ სიებში. შავი სია არ შეიძლება იყოს ერთ გადაცემაზე, შავი სია არის სია, რომელში მოხვედრილი ადამიანები არხზე არც ერთ გადაცემაში არ იქნებიან არასდროს და არ შეიძლება, ვიღაც ორი ექსპერტი იყოს პირობითად მოამბეში, დილაში და არ იყოს ერთ გადაცემაში და ეს იყოს შავი სია. მე ასეთი შავი სიები არ ვიცი“, – განაცხადა მან.

სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების პოსტების კონტროლზე საუბრისას კი საზმაუს განაწესი მოიშველია, რომელიც, მისი თქმით, არხის ჟურნალისტებს საჯაროდ პოლიტიკური პოზიციების დაფიქსირებას უზღუდავს.

„როგორც პასუხისმგებლიან მედიას, გვაქვს უამრავი რეგულაცია, მათ შორის, სოციალურ ქსელში მოქცევის წესები, რომელსაც ვიცავთ. ეს არის წესი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი… არ მახსოვს კონკრეტული შინაარსი, თამთა ჯანაძემ დაწერა სტატუსი სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანა-არგადაყვანის ამბავზე, რაც ჩემი მოსაზრებით, არ შეეფერებოდა პირველი არხის ჟურნალისტს, იმ კონკრეტულ მომენტში ეს იყო ძალიან მძიმე, როცა ადამიანი მუშაობს  პირველ არხზე საინფორმაციო სამსახურში და უწევს თემების გაკეთება, მისი დამოკიდებულება ამ მოვლენებზე საჯაროდ არის დაუშვებელი, მისი ობიექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს. ეს იყო მიზეზი, მე შეიძლება საყვედური მივეცი თამთას, თუმცა არ მახსოვს ისეთი კონფლიქტი მოგვსლოდეს, რომ ვერ გვაშველებდნენ“, – განაცხადა შონიამ.

მომდევნო მოსამზადებელი სხდომა 15 მაისს ჩაინიშნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მოსამზადებელი სხდომების შემდეგ თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია, მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში.

საქმის შესახებ

2022 წლის 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „ახალი კვირა“ ფორმატს იცვლიდა, წამყვანმა იმედა დარსალიამ განაცხადა, რომ ეს რეოგრანიზაცია მიმართული იყო მის წინააღმდეგ, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ებრძოდა ცენზურას. მისივე განცხადებით, მაუწყებელში არსებობდა რესპონდენტთა ე.წ. შავი სიებიც. დარსალიას ეს განცხადება 18 თებერვალს დაადასტურეს ჟურნალისტებმა, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა.

მარტში მათ გამოაქვეყნეს ე.წ. შავ სიაში შესულ რესპონდენტთა სიაც.

2022 წლის 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იმედა დარსალია, თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი „პირველი არხდან“ გაათავისუფლეს.

ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზად არხის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ბრძანებაში „საჯარო სივრცეში გავრცელებულ დაუსაბუთებელ და ცრუ განცხადებებს“ ასახელებდა. თინათინ ბერძენიშვილი, პროდიუსერი ეკა შონია და მაუწყებლის ყოფილ ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძე ჟურნალისტების ბრალდებებს უარყოფდნენ.

კოლეგების გათავისუფლების შემდეგ ცენზურის მცდელობა დაადასტურა და საზმაუ დატოვა „ახალი კვირის“ ჟურნალისტმა ქეთი თუთბერიძემ. მან „მედიაჩეკერს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა და ცენზურის და ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ რესპონდენტთა შესახებ კონკრეტულად ისაუბრა.

იმედა დარსალიამ, თამთა ჯანაძემ და სოფო ზედელაშვილმა სასამართლოს მიმართეს. მოსარჩელეები გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, პოზიციაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვენ. საქალაქო სასამართლომ იმედა დარსალიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დავა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა, სოფო ზედელაშვილის საქმის განხილვა კი ჯერ არ დაწყებულა.