„თანამშრომლები დათრგუნული ხმით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება“ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე წერილებით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრსა და ცენტრის მოქმედ დირექტორს, თამარ გაბუნიას. წერილებს ექსკლუზიურად ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ამირან გამყრელიძეს. მან თქვა, რომ წერილები კონფიდენციალურია და საჯაროდ არ გაუვრცელებია.

ვრცელ წერილებში, რომლებიც უკვე გავრცელდა მედიით, სხვადასხვა საკითხზეა საუბარი, თუმცა თამარ გაბუნიასადმი წერილში ამირან გამყრელიძე მოითხოვს პასუხს ცენტრისგან, რატომ არის მასთან „კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს მისი ერთ-ერთი  წერილიდან, რომელიც „ფორმულამ“ გაასაჯაროვა:

„თანამშრომლების დიდი ნაწილი დათრგუნულები და ანერვიულებული ხმით, ბოდიშის მოხდით მეხმიანებიან, რომ აკრძალული აქვთ ჩემი სახელის ხსენება, რომ ამოღებული უნდა იქნეს ჩემი გვარი პროექტებიდან, სადაც კონსულტანტად ვიყავი, არ შეიძლება ჩემი მიწვევა სხვადასხვა ღონისძიებებზე (საუკეთესო მაგალითია ჰეპატიტის ელიმინაციის სათანამშრომლო ცენტრის დაფუძნების ცერემონიალი სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომ სრულად უნდა შეწყდეს ჩემი კავშირები ცენტრთან ყველანაირი ფორმით, მგონი მალე შემთხვევით შეხვედრაც აიკრძალება სადმე საჯარო სივრცეში ჩემთან, დაგეგმილზე რომ აღარაფერი ვთქვა.

…გთხოვთ ოფიციალურად მომწეროთ ცენტრთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილება რათა დროულად მოვაგვარო სხვა მასთან დაკავშირებული ყოფითი საკითხები.

ასევე გთხოვთ ოფიციალურად განმიმარტოთ რატომ ხდება ასე, ანუ:

1. რა დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ჯანდაცვის სფეროსა და ცენტრის წინაშე. თუ არის ასეთი მიუთითეთ ფაქტები.

2. რატომ არის ჩემთან კავშირი და თანამშრომლობა ასოცირებული როგორც „კეთროვანთან“.

3. როდემდე უნდა გაგრძელდეს მსგავსი პოლიტიკა ჩემს მიმართ. გაითვალისწინეთ რომ ასაკით თქვენზე ბევრად ხნიერი ვარ და უფრო ხანგრძლივი სამუშაო თუ ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს, საქმე მქონია სხვადასხვა ჯურისა თუ მრწამსის პოლიტიკოსებთან თუ მოხელეებთან, მათ შორის ვინც ღიად თუ არაპირდაპირ მიპირისპირდებოდნენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპზე, მაგრამ არა ასეთი ბინძური და შეურაცმყოფელი მეთოდებით. თავისთავად მე თვითონ მსგავსი არასდროს არ მიკადრია და არც გამიფიქრებია როცა თქვენნაირ თანამდებობეზე გახლდით. გაუფრთხილდით მთავარს ცხოვრებაში – ღირსებას და ნუ შელახავთ მას მერკანტილური და დროებითი ინტერესებით, “- წერს ის.

„პუბლიკა“ ცდილობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესა და NCDC-ის ხელმძღვანელთან, თამარ გაბუნიასთან დაკავშირებას. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.