„თავს პირადი ნივთების დაუფლებისთვის დაესხა" - მურსაკულოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება ყაჩაღობისა და ანგარების მოტივით განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც შსს-ს გამოძიების შედეგები გახდა ცნობილი.

„2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს.

მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების მოტივით, მისი მოკვლა გადაწყვიტა.

ბრალდებულმა შანაი ბრუკს დანით კისრის არეში მიაყენა დაზიანება და გაგუდა. ამის შემდეგ იგი მსხვერპლის პირად ნივთებს დაეუფლა და დანაშაულის კვალის დაფარვა სცადა, ცხედარს ხის ტოტები დააფარა, დანაშაულის იარაღი – დანა მიმდებარე ტერიტორიაზე გადააგდო და ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადეს ბრიფინგზე.

რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

უწყების განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.