„თბილისი და მოსკოვი რევერანსებს ცვლიან" - უკრაინის საგარეოს სპიკერი რუსეთთან ფრენის აღდგენაზე

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ეხმაურება „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინ გაკეთებულ განცხადებას თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენების აღდგენის თაობაზე. ამის შესახებ ის facebook-პოსტში წერს.

„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერი თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის მომხრეა. მან განცხადება გააკეთა ქებაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ ის არ უერთდება დასავლეთის სანქციებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის.

თბილისი და მოსკოვი ცვლიან რევერანსებს რუსეთის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დაუსჯელი დანაშაულებებისა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის ფონზე. მივიჩნევთ, რომ მსგავსი პრორუსული რიტორიკა არ მოდის თანხვედრაში საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს კურსს ევროკავშირის წევრობისკენ.

უკრაინა ორივე- როგორც სახელისუფლებო, ასევე ხალხის დონეზე, ყოველთვის იდგა საქართველოს მხარდამხარ, განსაკუთრებით მისი ისტორიის უბნელეს პერიოდში.

უკრაინისადმი ქმედითი სოლიდარობის არარსებობა საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხი გაანადგუროს გენოციდურ ომში – პოლიტიკური მუხთლობაა.

უკრაინის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის აგრესიის ფონზე და უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაცია, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ინტერესებშიცაა“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.