„თბილისის მუნიციპალური კინოთეატრისთვის“ - საინიციატივო ჯგუფი პეტიციას ავრცელებს

პუბლიკა

თბილისში მუნიციპალური კინოთეატრის შექმნის მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფი ავრცელებს პეტიციას, რომლის ადრესატიც თბილისის მერია, საკრებულო და პრეზიდენტის ადმინისტრაციაა. ამჟამად პეტიციას 450-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.

პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ მათი  მიზანია, თბილისსა და  საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში (თანდათანობით) დაარსდეს მუნიციპალური კინოთეატრების ქსელი; „რეალობის მრავალმხრივი გააზრებისა და საერთოობის განცდის მატარებელი სივრცეები; სიყვარულის, თანასწორობის, თანადგომის ხელშემწყობი ადგილები, რომლებიც კინემატოგრაფის ძალით თავიანთ როლს შეასრულებენ აწმყოს კრიტიკულად აღქმასა და მომავლის მეტი სიცხადით განსაზღვრაში“.

„ჩვენი პეტიცია გეხებათ ყველას, ვისაც ფილმის ნახვის შემდეგ ერთხელ მაინც განგიცდიათ სხვასთან საუბრის სურვილი; ყველას, ვინც კინემატოგრაფის სოციალურ ბუნებასა და მნიშვნელობაზე დაფიქრებულხართ, ვისაც გჯერათ კინოსეანსის თანაზიარობის. გეხებათ თქვენ, რომლებიც აუტანელ ხელმიუწვდომლობაში ატარებთ უფერულ დღეებს, ვისაც ჯერ კიდევ წინ გაქვთ კინოსთან შეხვედრის გამოცდილება; მუნიციპალური კინოთეატრი თქვენ გეკუთვნით!

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქალაქი მუნიციპალური კინოთეატრის გარეშე მზერაწართმეული ქალაქია, ხედვის ახალი შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი მოწყენილობა და უმისამართობაა.

მნიშვნელობების კარგვის ეპოქაში, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, მჯღაბნელები თეორიული სიმაღლეებიდან ქადაგებენ განურჩევლობის ახალ რელიგიას; რომ აღარ არსებობს განსხვავება ფულის კულტს დამორჩილებულ კინოპროდუქტსა და “არსებით კინოს” შორის (იონას მეკასის ცნება). ჩვენ ამ განსხვავების მხედველობაში მიღების აუცილებლობიდან ამოვდივართ. კომერციული კინოთეატრების, ძვირადღირებული ბილეთებისა და ურთიერთმსგავსი გამოსახულებების ალტერნატივად მუნიციპალური კინოთეატრის დაარსება გვესახება. ადგილის, რომლის მამოძრავებელი იდეაც კინოს დახმარებით სოციალური ცხოვრების უკეთ გაგება, ხალხის მრავლობაში საზიარო მნიშვნელობების შექმნა, ძველისა და ახლის შემეცნება, გონებისა და თვალის განთავისუფლება იქნება“, – აცხადებენ პეტიციის ავტორები.

LB loan image desktop LB loan image mobile