თმის და ფრჩხილის ნიმუშებით კვლევაზე მზადყოფნა გამოითქვა, თუმცა სააკაშვილი უარს აცხადებს - საგამოძიებო სამსახური

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უწყებამ გაითვალისწინა  მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებაზე. სამსახურის განცხადებით, მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა უარი გაანცხადა ნიმუშების ჩაბარებაზე.

„განვმარტავთ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალების და მომწამვლელი ნივთიერებების შესაძლო არსებობის თაობაზე ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა აქვს დანიშნული. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსგან მიღებული აქვს ოფიციალური პასუხი, რომლის თანახმადაც აღნიშნულ დაწესებულებაში შესაძლებელია ნებისმიერ ბიოლოგიურ (და არაბიოლოგიურ) ობიექტზე ჩატარდეს მძიმე მეტალებზე გამოკვლევა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის თაობაზე, საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა  აღნიშნული საკითხის შესწავლა დაიწყო. 2022 წლის 2 დეკემბერს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბატონი სააკაშვილისგან აღებული იქნა ბიოლოგიური კვლევის ნიმუშები, რის საფუძველზეც იმავე დღეს გამოტანილ იქნა დადგენილება ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

გამოძიების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დამატებითი კვლევის (სისხლი) ნიმუშის წარდგენა მოითხოვა, რაზეც ბატონმა სააკაშვილმა და ადვოკატებმა უარი განაცხადეს. რა დროსაც ადვოკატების მიერ კეთდებოდა განმარტება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება შესაძლებელი იყო მხოლოდ თმის და ფრჩხილის ნიმუშებზე.

საგამოძიებო ორგანომ ადვოკატების ეს მოთხოვნა გაითვალისწინა, შესაბამისი კონსულტაციები გაიარა ექსპერტიზის ბიუროსთან, რის შემდეგაც დამატებით მოთხოვნილი თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღების და ექსპერტიზისთვის გადაგზავნის თაობაზე მზადყოფნა გამოითქვა. თუმცა, საგამოძიებო ორგანომ ყველა სახის ნიმუშის აღებაზე ბატონო სააკაშვილისგან და ადვოკატისგან უარი მიიღო.

აღნიშნულ საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ღიად და გამჭირვალედ აგრძელებს გამოძიებას და გააკეთებს ყველაფერს, რომ გამოძიების წინაშე არსებულ ყველა შეკითხვას, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი გაეცეს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების პროცესში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ყველა ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს გაეცნონ და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ქონდეთ წვდომა”, – ნათქვამია განცხადებაში.


ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს და მისგან ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარს ამბობს.

„უნდობლობას ვუცხადებთ არა გამოძიებას, არამედ საექსპერტო დაწესებულებას ორი მოტივით. პირველი, ამ ექსპერტიზის ჩატარების სათანადო ნებართვები არ გააჩნიათ. მეორე, თავად საექსპერტო ბიურო უნდობლობას იწვევს, რადგან სახელმწიფო სისტემაშია სააკაშვილი მოწამლული და იგივე სახელმწიფო სისტემაში დაქვემდებარებული საექსპერტო ბიურო მიკერძოებული იქნება, ყალბ დასკვნას დადებს“, – აცხადებდა ხაჭაპურიძე 24 დეკემბერს.