ტოცილიზუმაბი ქვეყანაში გარკვეულ კლინიკებში არის. ბაზარზე ეს მედიკამენტი არ იყიდება - გაბუნია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

მან კორონავირუსის წინააღმდეგ სამკურნალო პრეპარატზე ტოცილიზუმაბის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში ეს მედიკამენტი არის.

„ტოცილიზუმაბი და ასევე არცერთი მედიკამენტი არ უნდა იყიდოს ოჯახმა. არავითარი შავი ბაზარი ტოცილიზუმაბთან მიმართებაში არ არსებობს. თუ სადმე გაიგებთ, რომ ასეთი ბაზარი არსებობს, ძალიან დავალებული დაგრჩებით, თუ ჩვენც შეგვატყობინებთ.

ერთადერთი მომწოდებელი არის „როშე“, რომელმაც შემოიტანა ქვეყნისთვის განკუთვნილი ლიმიტი, რაც გადანაწილდა კლინიკებში. კლინიკების ნაწილს აქვს პრეპარატი, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ კლინიკიდან კლინიკაში ხდება მედიკამენტის გადანაწილება, ანუ როდესაც პაციენტის მდგომარეობა საჭიროებს ამ პრეპარატით მკურნალობას.

დღევანდელი მდგომარეობით, მედიკამენტი ქვეყანაში არის, გარკვეულ კლინიკებში და ჩვენ ვცდილობთ, როდესაც პაციენტისთვის აუცილებელია ტოცილიზუმაბის გადასხმა, კლინიკებთან გარკვეული ფასილიტაციაც გადავკვეთოთ. ვისაც სჭირდება, მისთვის კლინიკამ შეიძლება მარტივად ისესხოს მეორე კლინიკისგან, მაგრამ აქ არანაირად უნდა ჩაერიოს პაციენტი და არც არანაირი თანხის მობილიზება არ არის საჭირო”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, კლინიკებმა იციან, როგორ უნდა მოიქცნენ. არ შეიძლება პაციენტს სთხოვო ამ მედიკამენტის შოვნა და მოტანა.

LB loan image desktop LB loan image mobile