„თქვენს ქვეყანაში, რომ ჩახვალთ იქ იყავით ასეთი მომთხოვნი“ - პლატფორმა „სალამ“ ექიმისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

პუბლიკა

პლატფორმა „სალამ” სასწრაფო დახმარების ექიმის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ წერს და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციამ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა 28 ივლისს მომხდარი შემთხვევის შესახებ:

„28 ივლისს, საღამოს საათებში, თბილისის ცენტრალურ უბანში, პლატფორმა „სალამის“ ოფისში ერთ-ერთი ჩვენი წევრი შეუძლოდ გახდა. მაშინვე, 18:05 საათზე გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება. ქვეყანაში არსებული კოვიდრეალობის გათვალისწინებით ერთი საათის და 5 წუთის დაგვიანებით მოვიდა სასწრაფოს დახმარების ბრიგადა (მანქანის ნომერი OO-953-VO), რომელიც მოსვლისთანავე გამოირჩეოდა აგრესიულობითა და არა ეთიკურობით, რითაც უხეშად არღვევდა ექიმის პროფესიულ სტანდარტებს, რაზეც ორგანიზაციის რამდენიმე წევრმა შენიშვნა მისცა ექიმებს. პაციენტის გასინჯვის დროს, ბრიგადის ერთ-ერთმა წევრმა გვკითხა, თუ საიდან ვიყავით, ჩვენი პასუხი, რა თქმა უნდა, იყო, რომ ვიყავით საქართველოს მოქალაქეები და მსგავსი შინაარსის კითხვები იყო არასწორი. ექიმებმა პაციენტის გასინჯვის მიუხედავად, არ დაგვიტოვეს პაციენტის გასინჯვის ოქმი.

ამასთანავე, გარეთ გასვლის შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთ წევრს, რომელიც მათ გარეთ აცილებდა, ერთ-ერთმა ექიმმა განუცხადა: „თქვენს ქვეყანაში, რომ ჩახვალთ იქ იყავით ასეთი მომთხოვნი ექიმების მიმართ“. მაშინ, როცა თბილისის ცენტრალურ უბანში, ქართული ენის სრულყოფილად მცოდნე საქართველოს მოქალაქეებს ასე ესაუბრება და ექცევა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, წარმოგვიდგენია,  რეგიონებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის რა მძიმე და აუტანელი რეალობაა. მოვითხოვთ, აღნიშნულმა ექიმმა საჯაროდ ბოდიში მოიხადოს საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წინაშე ან განთავისუფლებულ იქნას სამსახურიდან“.