ტრანსგენდერ ქალზე თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 21 წლის ნ.ქ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას, ქვეითად მყოფ ტრანსგენდერ ქალს – 1993 წელს დაბადებულ ჯ.ც.-ს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, პნევმატური იარაღიდან გასროლით ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა და მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ნ.ქ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – პნევმატური პისტოლეტი“, – აცხადებს უწყება.

გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.