ტრანსპორტის აღდგენას მხარი იმ პირობით დავუჭირე, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მან მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მხარი იმ პირობით დაუჭირა, რომ მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ყველა რეკომენდაცია. ამის შესახებ გამყრელიძემ „დღის კურიერში“ განაცხადა.

„ამ სამკვირიანმა შეზღუდვამ მობილობისა, რა თქმა უნდა, ითამაშა დიდი როლი. ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა, ჩვენთან პროგნოზირება კეთდება, დღეს გვექნებოდა 8-10 ათასამდე სულ მცირე ახალი შემთხვევა დღეში.

სწორედ იმან, რომ უფრო მეტი დისციპლინა დამყარდა ამ დიდ წვეულებებზე და მათ შორის ტრანსპორტის მობილობის დაცემამ მოგვცა ეს შედეგი, რომ დღეს გვაქვს 2 500 და დიდი ალბათობით თანდათან კიდევ ქვემოთ წამოვა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მან მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას მხარი დაუჭირა იმ პირობით, რომ მაქსიმალურად იქნება დაცული ყველა რეკომენდაცია.

„რომ არ გადაიჭედოს მეტრო და ავტობუსები, ჯობია იყოს რიგი და ადამიანები გადაადგილდნენ დისტანციის დაცვით, გასაგებია – არა ერთი მეტრით, მაგრამ ყველას ეკეთოს პირბადე.

ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ადამიანებს პირბადის არტარების გამო ნუ დავაჯარიმებთ და თუ შესაძლებლობა არის, ადგილზე დავურიგოთ პირბადე და მოვუწოდოთ, კი არ დავაჯარიმოთ, მივაწოდოთ და ვუთხრათ, რომ გაიკეთე ბატონო და იმგზავრე ისე. თუ დავიცავთ ამ წესებს, რა თქმა უნდა, რისკი ნაკლებია“, – ამბობს გამყრელიძე.