თსუ აცხადებს, რომ სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს.

თსუ-ის პრესსამსახურის ცნობით, 350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე (გ. დანელიას 10) განთავსდება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად წარიმართება.

პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.

როგორც თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები.

შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე.

„სტუდენტური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი უკვე იწყებს. ახალი საცხოვრებელი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს სტუდენტების საჭიროებებს და სათანადო პირობებს შეუქმნის მათ. საცხოვრებელი მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურით და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები“-განაცხადა რექტორმა.

სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

ჯაბა სამუშიას კომენტარს ინფორმაციასთან ერთად თსუ-ის პრესსამსახური ავრცელებს.


საერთო საცხოვრებლის აშენების გადაწყვეტილებას წინ სტუდენტების ხანგრძლივი პროტესტი უძღოდა.