თსუ-ის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა

პუბლიკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრაკლიანი გორაზე ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები აღმოაჩინა, რომლებიც ძვ. წ II და I ათასწლეულებით თარიღდება.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საველე სამუშაოების წარმოებისას პირველ ტერასაზე სამარხებში დიდი რაოდენობით კერამიკული და ლითონის ინვენტარია აღმოჩენილი, ხოლო მეოთხე ტერასაზე უკვე დაიწყო ძვ.წ X საუკუნის წარწერის სინქრონული ნაგებობის შესწავლა.

ამასთან, ახალი აღმოჩენები გაკეთდა ძვ.წ V-IV საუკუნეების სატაძრო კომპლექსის ნაშთების კვლევისას, სადაც პირველად დაფიქსირდა არტეფაქტები, რომელიც რკინის ნივთების წარმოებასთან არის დაკავშირებული.

თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, „ამ გამოკვლევის განსაკუთრებული მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ, როგორც ჩანს, ჩვენ აქ, პირველად გრაკლიან გორაზე და საზოგადოდ ამ ეპოქისათვის საქართველოში საქმე უნდა გვქონდეს სატაძრო წარმოებასთან, ანუ ლითონის წარმოებასთან, რომელიც უშუალოდ არის დაკავშირებული სატაძრო-რელიგიურ მოთხოვნებთან. ეს არის პირველი შემთხვევა, როგორც მოგახსენეთ, და ძალიან დიდი იმედი მაქვს და ყველა ნიშანია იმისა, რომ ამ ძვ.წ. V/IV საუკუნეების ნაგებობის ქვეშ არის უფრო ძველი ძვ.წ. VI – IV საუკუნეების სხვა ნაგებობაც.“

გრაკლიან გორაზე თსუ არქეოლოგებმა გათხრები 2007 წელს დაიწყეს, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო-საველე პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.

„გრაკლიანის არქეოლოგიურ ბაზაზე გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები – პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა. თსუ ექსპედიციის მიერ 2015 წელს აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა მაიამის (აშშ) ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X საუკუნეებს მიაკუთვნა. ამ აღმოჩენით საქართველო შევიდა იმ უზარმაზარი ცივილიზაციების რიცხვში, რომელთაც საკუთარი დამწერლობა ჰქონდათ ათასწლეულების მანძილზე“,- ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.