შსს-მ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავა, 14-ს ბრალი წარედგინება

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში თბილისში და საქართველოს რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, კიდევ 14 ადამიანს ბრალი წარედგინება. მათგან ნაწილი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ნაწილს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. მათ შორის არის საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი გოგოლაძე.

შსს-ის განცხადებით, გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ და დავებს ე.წ. ქურდული წესებით აგვარებდნენ.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას ფინანსურ დავებს განიხილავდნენ და ერთ-ერთ მხარეს მეორე მხარის ან საკუთარი სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. თანხის გადაუხდელობის ან ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებიდან, პირადი ნივთებიდან და ავტომობილებიდან კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს. შსს-ის თქმით, ამ მოწყობილობებით ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ.

ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს – ეს მუხლები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.