თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს - სარჯველაძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რუსეთთან ფრენის აღდგენა ცუდი არ იქნება საქართველოსთვის, ასევე რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„როდესაც საუბარია ზოგადად ფრენების აღდგენა-არაღდგენაზე, თავისთავად, რაციონალურად, ეს ცუდი გადაწყვეტილება არ იქნება საქართველოსთვის ან რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც იმისთვის, რომ საქართველოსთან კავშირი შეინარჩუნონ, უწევთ ძალიან სერიოზული, მათ შორის, ტექნიკური პრობლემების გადალახვა. თუ ლარსზე შეიძლება მანქანებმა იარონ, რატომ არ შეიძლება თვითმფრინავმა იფრინოს, ეს სიმართლე გითხრათ, ცოტა გაურკვეველი მგონია. ყველა პოლიტიკურ პლატფორმაზე, სადაც კი შესაძლებლობა არსებობდა საქართველოსთვის, რომ ამის პოზიციონირება მოეხდინა, ყველგან ასეთი პოზიციონირებაა დაფიქსირებული. ამიტომ კითხვის დასმა, ამ შემთხვევაში ვის მხარეს არის საქართველო, აბსოლუტურად უსაგნო და არასწორია”, – განაცხადა სარჯველაძემ.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირ ავიამიმოსვლას შეძლებენ. ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა „სიმამაცისთვის“, რომ საქართველო, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, არ უერთდება სანქციებს.

მოგვიანებით ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენა აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.