თუ მსგავსი რამ განმეორდება, მე იგივენაირად მოვიქცევი - გახარია 20 ივნისზე

პუბლიკა

„გუშინ მე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ „ოცნება” „განაცდა”. „ოცნება” რომ ქართული არ არის, უკვე მივხვდი, მაგრამ „ნაცური” გახდა ეს „ოცნება”, – ასე გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარია პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას 20 ივნისთან დაკავშირებით.

„გამოვიდა, რომ ამ ხალხმა იცოდა წლების განმავლობაში,  რომ თურმე „ნაციონალურ მოძრაობას” არაფერი არ დაუშავებია და სწორად უნდოდათ პარლამენტში შეჭრა ცემა-ტყეპით, ძალადობით, პოლიციაზე თავდასხმებით  და ამიტომ მელიას ამნისტიაც გაუკეთეს და გარდასახეს მერობის აბსოლუტურად სუფთა და ლეგიტიმურ კანდიდატად”, – ამბობს გახარია.

მან ასევე აღნიშნა, რომ „მოქმედი პრემიერის ნაცვლად თითოეულ პოლიციელს, რომელიც ჩვენთან ერთად იქ იბრძოდა სახელმწიფო ინტერესებისთვის და ინსტიტუტებს იცავდა – ბოდიში მოვუხადო, ჩემი სოლიდარობა გამოვუცხადო და ვუთხრა, მათ რომ ჩვენ მაშინაც ვიცავდით სახელმწიფოს და დღესაც გავაგრძელებთ სახელმწიფოს დაცვას”.

„20 ივნისზე მე სრულად მაქვს პასუხისმგებლობა აღებული. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამ განმეორდება და არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალა დააპირებს ძალადობით სახელმწიფო ინსტიტუტში შეჭრას, მე იგივენაირად მოვიქცევი”, – განაცხადა გახარიამ.


„რეალურად ყველა კრიზისი „ქართული ოცნებისთვის“ შექმნა გახარიამ“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მისივე თქმით, „20 ივნისი“, როდესაც, „მათ შორის, უდანაშაულო ადამიანებს თვალები დათხარეს“ გახარიას ჩავარდნაა.