თუ რუსეთთან ფრენა აღდგება, კომპანიები შესაძლოა, დასანქცირდნენ - სახელმწიფო დეპარტამენტი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენის აღდგენის შემთხვევაში შესაძალოა, კომპანიები სანქციების საფრთხის ქვეშ მოექცნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტმა „ამერიკის ხმას“ მიაწოდა.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“, – ამბობენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც „ამერიკის ხმა“ ავრცელებს ინფორმაციას, ამერიკის დიპლომატიურ უწყებაში ამბობენ, რომ „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“.

რუსეთთან პირდაპირი ფრენის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, 19 იანვარს განახცადა.

„თუ ფრენა აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება. როდესაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ჩვენთვის მისასალმებელია“, – თქვა კობახიძემ.

ამას წინ უძღოდა სერგეი ლავროვის განცხადება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენა.