თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენა აღდგება და უსაფრთხოების რისკები გაიზრდება, არ გამოვრიცხავ უკრაინელების ევაკუაციას - კასიანოვი

პუბლიკა

უკრაინის საელჩო საქართველოში არ გამორიცხავს უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა „ევოპეისკი პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„პირდაპირი საჰაერო კომუნიკაციის აღდგენისა და უსაფრთხოების რეალური რისკების ზრდის შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ დღეს საელჩო არ გამორიცხავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან დაკავშირებას, რათა განიხილონ დახმარების შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მოქალაქეების მასობრივად საევაკუაციოდ“, – განაცხადა კასიანოვმა.

კასიანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას რეალური საფრთხე დაემუქრება.

„ჩუმად არ ვისხდებით. ვიმუშავებთ და ყველაფერს გავიღებთ, რაც ჩვენზეა დამოკიდებული მათი დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი”, – დასძინა დიპლომატმა.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსების არანორმალური შემოდინებით გამოწვეული უსაფრთხოების მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკების ფონზე, საელჩო ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუწყოს მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნებას.

„ახლა განვიხილავთ სპეციალური ევაკუაციის მარშრუტების ორგანიზების შესაძლებლობას უკრაინის მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ფენებისთვის, რომლებსაც ნამდვილად არ აქვთ დაბრუნების საშუალება“, – დასძინა მან.


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. ლავროვმა შეაქო საქართველოს მთავრობა „სიმამაცისთვის“, რადგან საქართველო, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, არ უერთდება სანქციებს.

მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „თუ [რუსეთთან] ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება“.

20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ არ მიესალმება რუსეთთან ფრენების აღდგენას.