თუ გაგრძელდება შემთხვევების სწრაფი მატება, შესაძლოა, საწოლფონდის პრობლემა შეიქმნას - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ დროისთვის მობილიზებული საწოლფონდი საკმარისია, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების დატვირთვას გაუძლოს. მათ შორის, დეფიციტი არ არის პედიატრიული საწოლების მხრივაც.

თუმცა, გაბუნიას თქმით, თუკი შემთხვევების სწრაფი მატება გაგრძელდება, საწოლფონდს პრობლემები შეექმნება. თანაც, ტურისტული სეზონის გათვალისწინებით. გაბუნიას თქმით, დღეს სასტუმროების ნაწილი კოვიდცენტრებად არ იმუშავებს.

„ჰოსპიტლურ სექტორს მობილიზების სტატუსი არ შეუწყვეტია. მინდა შეგახსენოთ, ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში, როცა ჩვენ გვქონდა 33 500 აქტიური შემთხვევა, მობილიზებული იყო, დაახლოებით, 7 500 საწოლი.

დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო პერიოდის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, გვაქვს დღიურად დაახლოებით 2 000-მდე შემთხვევა. 18 000 აქტიური შემთხვევაა მიმდინარე პერიოდში და მობილიზებულია 6 000-მდე საწოლი. რაც ამ ეტაპზე სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ დატვირთვას გაუძლოს.

თუმცა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა შემდგომი მატება. თუ ეს იქნა სწრაფი და ინტენსიური მატება, ბუნებრივია, საწოლფონდის კუთხით შესაძლოა, პრობლემა შეიქმნას.

ასევე მინდა, დავაფიქსირო ის გარემოებაც, რომ გასულ პერიოდში ჩვენ აქტიურად ვიყენებდით სასტუმროების საწოლფონდს. მიმდინარე პერიოდში ტურიზმის განვითარებიდან გამომდინარე სასტუმროების საწოლფონდი ნაწილობრივ არის მობილიზებული და ახლა აქტიური მუშაობა მიდის, რომ საწოლფონდი მობილიზდეს“, – თქვა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.