თუკი რამე წარმატება აქვს დღეს ქართულ კინოს, კინოცენტრის ინერციის გამო - გოგრიჭიანი

პუბლიკა

ქართველი მსახიობი და რეჟისორი თორნიკე გოგრიჭიანი კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და კინოცენტრის თანამშრომლებს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ გოგრიჭიანმა „ფორმულასთან“ ისაუბრა.

„მე მივეკუთვნები იმ ხალხის რიცხვს, ვისაც ახსოვს ის პროცესი, რასაც დღეს ჩვენ ქართულ კინოს ვეძახით. ყოველ შემთხვევაში, თუ როგორ იწყებოდა ეს ყველაფერი. ვამბობ იმიტომ, რომ მქონდა თანდასწრება და ვიყავი იმ ფილმების მონაწილე, რომლებმაც დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პირველად მოახერხეს კინოსთვის იმ მნიშვნელოვან სივრცეში მოხვედრა, სადაც ყოველთვის იყო ქართული კინოს ადგილი, მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ, რაღაცნაირად, ვერ ხერხდებოდა.

ეს დამსახურებაა მხოლოდ ეროვნული კინოცენტრის და იმ ზუსტად და სწორად დასახული სტრატეგიის, რაც გააჩნდა ამ ინსტიტუციას დასაწყისიდანვე, რადგან მგონია, რომ ის წარმოადგენს ევროპულ და თანამედროვე სისტემას, ნაწილია მისი და შეუძლებელია, ამის გარეშე გადარჩეს დამოუკიდებელი კინო. გნებავთ საავტორო, ევროპული კინოც. თუკი რამე წარმატება გააჩნია ქართულ კინოს, გნებავთ ეს წარმატებაც კი, ეს არის შედეგი მარტო იმ ინერციის, რაც გააჩნდა კინოცენტრს, რაც დღეს მგონია, რომ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დადგა“, – თქვა გოგრიჭიანმა.

გოგრიჭიანის თქმით, კინოცენტრის თანამშრომლების და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები მიზნად ისახავს საზოგადოების თვალში მათ დისკრედიტაციას. ამიტომ გოგრიჭიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს სწორი ინფორმაცია.

„მე მგონია, რომ მთელი ეს ცრუ ინფორმაციები მიმართულია არა ჩვენკენ, რომლებმაც ვიცით და გაგვაჩნია მახსოვრობა, არამედ იმ ხალხისკენ, რომლებიც არ არიან ამ სექტორის წარმომადგენლები, არ არიან დეტალურად ჩახედულები, თუ რა ხდება.

მე მგონია, რომ ყველაზე მთავარი იქნება, იმ ხალხს მივაწოდოთ და გავაგებინოთ, რომ ეს ყველაფერი არის ცრუ და სინამდვილეში, სხვა რამესთან გვაქვს საქმე. თორემ ვინც აკეთებს, მასთან საერთოდ არც მგონია, რომ ლაპარაკს აზრი ჰქონდეს – იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც დიალოგზე არ მოდის და სტრუქტურა აქვს მთლიანად დახურული, დაკეტილი და არ ელაპარაკება იმ სექტორს, რომელსაც წარმოადგენს, მე არ მგონია, რომ საერთოდ ამ ადამიანთან რამე დიალოგს აზრი ჰქონდეს“, – თქვა გოგრიჭიანმა.


11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, კობა ხუბუნაია დანიშნა, რომელმაც გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ორი პოსტი და ცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა კინოცენტრის თანამშრომლების განცხადება, რომლითაც ისინი ცენტრის დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. ეს განცხადება გამოქვეყნებიდან მალევე წაიშალა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ითხოვენ:

  • „კონკურსის გზით  დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა  ერთპიროვნულად;
  • დირექტორის შესარჩევი კომისია  დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან; მივმართავთ საზოგადოებას, ხელმოწერით დაადასტუროთ, თუ კი მხარს უჭერთ ჩვენ ამ მოთხოვნას“.