„ტვირთი უნდა ავიღოთ" - როგორ ხედავენ პოლიტიკოსები თავიანთ პასუხისმგებლობას

ქეთი გოგუაძე

თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ აქციაზე პოლიტიკოსებმა ისაუბრეს პოლიტიკური ჯგუფების იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც საქართველოში ლგბტქი+ თემის მძიმე უფლებრივი მდგომარეობის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია.

„ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ლგბტქი+ თემის უფლებრივი მდგომარეობა არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ მთლიანად პოლიტიკური კლასის პრობლემაა.

„რა თქმა უნდა, ხდება კეკლუცობა. მარტივი ამბავია, უმრავლესობას ეს არ მოსწონს და მათ უწევენ ანგარიშს”, – განმარტავს ხოშტარია. ის ფიქრობს, რომ პოლიტიკაში ყოფნას აზრი არ აქვს, თუ პოლიტიკოსი მსგავს თემებზე ლაპარაკს ვერ ბედავს.

„რაღაცნაირად ისე ითვლება, რომ ეს არის განსხვავებული ჯგუფი vs მეინსტრიმ საზოგადოება. არა. რეალურად, ეს არის ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სისასტიკე ადამინების მიმართ და უმრავლესობის ძალადობა ამ ჯგუფზე. პრობლემა ბევრად უფრო ეგზისტენციალურია, ვიდრე ამას სახელი ერქმევა. რა ლიბერალური ჯგუფები და მარგინალები? აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანები კვდებიან. კვდებიან განსხვავებული ცხოვრების, აზრის გამოხატვის გამო”, – აცხადებს პოლიტიკოსი და ასევე ამბობს, რომ აქტივისტებისა და უმცირესობების ბრძოლის ხარჯზე, ამ თემაზე პოლიტიკოსების საუბარი კეკლუცობა და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.

„ტვირთი უნდა ავიღოთ, თუ გვინდა, რომ ძალაუფლებაში მოვიდეთ, ქვეყანა წარვმართოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ, ტვირთი უნდა ავიღოთ ამ დარტყმების ჩვენს თავზე ყველა პოლიტიკოსმა და ვიყოთ პირველი გამწევი ძალა”, – აცხადებს ის.

ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ ვიქნებით კარგად, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ გამოვა მთავრობის წარმომადგენელი და თავისუფლად ისაუბრებს. „პოლიციელი, რომელმაც დღეს გალერის ფანჯრიდან დროშა მოხსნა, მერე ვეღარაფერს იზამს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი ლგბტქი+ თემის უფლებებს არაპოპულარულ თემად მოიხსენიებს და ამბობს, რომ პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეს „არაპოპულარული თემა ვერ გადალახეს”.

ის ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში” მისი გაწევრების ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ ამ პარტიაში ზოგიერთ პოლიტიკოსს და, მათ შორის, მაშინდელ პრემიერს ეყო გამბედაობა და 2013 წლის 17 მაისის შემდეგ, 26 მაისის სიტყვაში განაცხადა, რომ „თანასწორობა, ასეთი არაპოპულარული თემა, ეს უნდა იყოს წინა პლანზე და ადამიანები უნდა იყვნენ თანაბარნი კანონის წინაშე”, – თქვა ცქიტიშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები რომ გაგრძელებულიყო და ყველა პოლიტიკურ ლიდერს იგივე ხაზი გაეტარებინა, დღეს, ალბათ, სხვა მოცემულობა იქნებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ კანონმდებლობის კუთხით პარლამენტმა ნაბიჯები გადადგა. „ანტიდისკრიმინაციული კანონი მივიღეთ, სტრატეგია ეროვნული ადამიანის უფლებების დაცვის, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა; რიგი კანონების…” – ჩამოთვალა ცქიტიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად, ხარვეზები არსებობს და ის, როგორც კანონმდებელი, პასუხისმგებლობას იზიარებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის ბოლომდე დანახვა და პოპულარული ფიგურების გამბედაობა, რასაც გარდამტეხი მნიშვნელობა ექნება.

ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ჰომოფობიის დაძლევა შესაძლებელია. მას თავისი მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ახალგაზრდობის შემდეგ მანაც დაძლია ჰომოფობია და სჯერა, რომ სხვებიც შეძლებენ ამას.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში აცხადებს, რომ თანასწორობისკენ სწრაფვა ხელისუფლების მხრიდან ერთობლივ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს მოითხოვს.

„მნიშვნელოვანია, რომ ერთად, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, ღიად ილაპარაკოს და ღიად დაგმოს დისკრიმინაცია – იქნებიან ეს საჯარო მოხელეები, პოლიტიკოსები,  საზოგადო მოღვაწეები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ თავად თემის წარმომადგენლები და აქტივისტები“, – აცხადებს ლელა აქიაშვილი.

აქიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია თანასწორობა პრაქტიკულ დონეზე იქნას მიღწეული, ამისთვის კი, მისი თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს. მაგალითად ამბობს, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა დისკრიმინაციის მიმართულებით გამოძიების ხარისხი, გაიზარდა მიმართვიანობა და გახსნილი საქმეების რაოდენობა.

მოდერატორმა ანა აბაშიძემ ლელა აქიაშვილს შეახსენა საქმეები, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელია ან გამოძიებამ დისკრიმინაცია არ დაადგინა. ამის საპასუხოდ პრემიერის მრჩეველმა ისეთი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული საქმეები დაასახელა, რომლებიც შედეგამდე მივიდა. აქიაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს გამოძიების ხარისხის კონტროლის მექანიზმები.