ტყიბულში მეშახტეებს შევხვდი და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც წამოაყენეს, ტურიზმის განვითარებაა - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის დღეს ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა და რამდენიმე საკითხი განიხილა. მათ შორის, პრემიერის თქმით, მეშახტეებმა ერთ-ერთი მთავარ საკითხად ტურიზმის განვითარება წამოაყენეს.

„ტყიბულში ვიმყოფებით და, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს ისტორიული ქალაქი გამორჩეულია თავისი სილამაზით, არაჩვეულებრივი ბუნებით და უზარმაზარი პოტენციალით ტურიზმის განსავითარებლად.

მე ახლახან შევხვდი მეშახტეებს, მინდა, მათ საჯაროდ მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მათ მიმართ სოლიდარობა და მადლიერება. განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, მათ ადგილზე გადავუწყვიტეთ საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც მათი მხრიდან იყო წამოყენებული, არის სწორედ ტურიზმის განვითარება.

აქტიურად ვმუშაობთ ცხრაჯვრის პროექტზე და აუცილებლად გაკეთდება. სხვა ლოკაციებს შევისწავლით და აუცილებლად გავაკეთებთ ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრებს იმისთვის, რომ ტყიბულში რაც შეიძლება მეტი დამსვენებელი ჩამოვიდეს, მეტმა ნახოს, როგორც ადგილობრივმა, ისე უცხოელმა ტურისტმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.