უძილაურის ოჯახის წევრი: ევროპაზეა დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა

პუბლიკა

დღეს ჯაშუშობაში ბრალდებული გიორგი უძილაურის პროცესი გაიმართა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროცესის დასრულების შემდეგ, უძილაურის ოჯახის წევრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ბიძინა ივანიშვილს დააჯერეს, რომ [ჯაშუშობდა]. დააჯერეს ადამიანებმა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ მათ პრორუსულ კურს გიორგიმ უღალატა. ეს ისედაც ასე იქნებოდა.”

მისი თქმით, 14 წლიდან იცნობს გიორგი უძილაურს და ის ქვეყნის პატრიოტია.

„14 წლიდან ვიცნობ გიორგის და ეს ადამიანი იყო თავისი ქვეყნის და პროფესიის პატრიოტი და ერთგული. ვის დასჭირდა, მე ვფიქრობ ცოტა უფრო გლობალურად, რომ ევროპაზეა დარტყმა და გიორგი ეტყობა ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს…

ყველაფერი გაირკვევა, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ოღონდ და ეს როგორ იქნება, ვერ გეტყვით, სამწუხაროდ.

მე უფრო მგონია, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თვოთონ ქართულ ოცნებაში, იგივე რუსეთ-ევროპის თემაზე, ანუ ჩვენი მიმართულებების, ჩვენი მსოფლმხედველობის თემაზე იყო განხეთქილება და როდესაც დაიყო ეს ოცნება მარტივ მამრავლებად, გიორგიც, რა თქმა უნდა, როგორც ცივილური და პროგრესული ადამიანი, ყოველთვის იყო ევროპის და ამერიკის მხარეს და ჩვენი ნამდვილი პარტნიორების და არა იქ, სადაც ვიყავით და საიდანაც, სხვათაშორის, ჩვენი თაობა გამოვძვერით ძლივს, ბრძოლით” – ამბობს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში ივანიშვილის ყოფილი პრესმდივნის, დაკავებული გიორგი უძილაურის ყოფილი მეუღლე.

პროცესის დასრულების შემდეგ უძილაურის ადვოკატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ბრალს არ ვაღიარებთ და ვთვლით, რომ მტკიცებულებები საქმეში არ არის იმისთვის, რაც ბრალად აქვს შერაცხილი [ჯაშუშობის მუხლი] აქედან გამომდინარე ჩვენი პოზიცია იყო ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება. ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას და არ უსაუბრია პროცესზე.

არ ეთანხმება ბრალს, არც საქართველოს ინტერესების საზიანო რაიმე სახის ინფორმაციაა საქმეში და არც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაიმე ტიპის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება“, – განაცხადა უძილაურის ადვოკატმა.

პროკურატურამ „ქართუ“ ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილ უფროსს, გიორგი უძილაურს ბრალი გუშინ წარუდგინა.

უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.