ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორ პირს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.
გიორგი კაჭკაჭიშვილს, რომელსაც იარაღის უკანონოდ შეძენა ედებოდა ბრალად, 10 წელი მიესაჯა, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ – 7 წელი.
საქმეზე უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი გელა უძილაურს, ძმებ მიქაძეებს, გიორგი ჯოხაძეს; 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სანდრო წივწივაძეს.
ბრალდებულია ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
პროკურატურის ვერსიით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს და ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ლევან ჯანგველაძესთან ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უთანხმოება ჰქონდათ და ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.
უწყების ვერსიით, ფარცხალაძესთან შეთანხმების შესაბამისად, ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გააცნეს ჯანგველაძის მკვლელობის გეგმა, შემდეგ კი ერთად დაიწყეს შემსრულებლის მოძიება.
„ბრალდებულებმა შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გელა უძილაურთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც მსჯავრდადებული უძილაური დათანხმდა“, – აცხადებს პროკურატურა.
ამ საქმეში ფიგურირებენ გიორგი კაჭკაჭიშვილი და სანდრო წივწივაძე. პროკურატურის ვერსიით, კაჭკაჭიშვილმა და ჯოხაძემ შეიძინეს სანდრო წივწივაძისგან იარაღი, რომლითაც გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძეს ესროლა.
ლევან ჯანგველაძე თბილისში 2025 წლის 14 მარტს მოკლეს.
გელა უძილაური თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2025 წლის 24 ოქტომბერს და უვადოდ თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გელა უძილაურმა მკვლელობა აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ ეს განზრახ და შეკვეთით არ გაუკეთებია. უძილაურის მტკიცებით, მკვლელობა უკავშირდებოდა უკრაინაში ლევან ჯანგველაძის დავალებით მისადმი ფიზიკურ ანგარიშსწორებას.