„უფლებები საქართველო“ და EMC აფხაზეთში გასამართლებული ირაკლი ბებუას საქმეზე ახალ მიმართვას ავრცელებენ

პუბლიკა

2020 წლის 7 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ აფხაზეთის დროშის დაწვისთვის დაკავებულ ირაკლი ბებუას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. „უფლებები საქართველო“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევენ, რომ ირაკლი ბებუას მიმართ უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, რაც საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

შესაბამისად, მიმართავენ თხოვნით საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა დიპლომატიური, პოლიტიკური ზომა, რათა ხელი შეუწყონ ირაკლი ბებუას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის პროცესს. ასევე, უზრუნველყონ ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დაცვის პოზიტიური ვალდებულებების გათვალისწინებით „უფლებები საქართველო“ და EMC მოუწოდებენ საქართველოს მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:

გამოიყენონ ყველა გონივრული პოლიტიკური, დიპლომატიური, სამართლებრივი და სხვა ზომა უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოცემის მიზნით. მათ შორის, ეს საქმე გახადონ ჟენევის მოლაპარაკებებისა და სხვა არაფორმალური პოლიტიკური კომუნიკაციის ფარგლებში პრიორიტეტული განხილვისა და გადაწყვეტის საგანი;

ირაკლი ბებუას პატიმრობის პერიოდში უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები ასევე გამოთქვამენ მზადყოფნას, ირაკლი ბებუას უფლებების დასაცავად გამოიყენონ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.

საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გალში აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე დააკავეს. ირაკლი ბებუას განმარტებით აღნიშნული ქმედება წარმოადგენდა პროტესტის გამოხატვის სიმბოლურ ფორმას აფხაზებისა და ქართველების დაყოფის ფაქტთან დაკავშირებით.