უკანონო მოსმენები | ჟურნალისტებისა და აქტივისტების მორიგი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში

პუბლიკა

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მორიგი საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში – „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“(GDI) და „მედიაომბუდსმენმა“ უკანონო მოსმენების საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.

„მედიაომბუდსმენმა“ 10 ჟურნალისტის: გიო მგელაძის, ნინო ჟიჟილაშვილის, სოფო მაისურაძის, გიორგი დარჩაშვილის, ნინო ბიძინაშვილის, ინგა გრიგოლიას, ნოდარ მელაძის, თამთა დოლენჯაშვილის, თამარ ჩიხლაძის და გელა ბოჩიკაშვილის მიმართ უკანონო ფარული მოსმენის საქმეზე შეადგინა საჩივარი.

ორგანიზაცია წერს, რომ თბილისის პროკურატურამ ჟურნალისტებს არ მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი, ხოლო გენერალური პროკურატურა ამ დრომდე უმოქმედოა.

„საჩივრის საფუძვლები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც არის მითითებული, სადაც სხვა მოთხოვნათა შორის, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით, დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის.

საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალობის სტანდარტი“, – წერს „მედიაომბუდსმენი“.

GDI კი იცავს ქეთი ნადიბაიძის, მარტა ქურასბედიანის, ნოდარ რუხაძის, მარიამ გეგუჩაძისა და ნანა ბრეგაძის ინტერესებს.

„მიგვაჩნია, რომ უკანონო ფარული-მოსმენა მიყურადებით დაირღვა მომჩივანთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, გამოხატვის თავისუფლება. გარდა ამისა, გამოძიება არ არის ეფექტიანი, რაც კიდევ უფრო მეტად არღვევს უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლთა პირადი ცხოვრების, სამართლიანი სასამართლოს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს, ხოლო მსხვერპლებს არ უტოვებს შესაძლებლობას, მათი უფლებები ეროვნულ დონეზე ქმედითი სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვან. ვთვლით, რომ საქმემ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და საქართველოში უკანონო მოსმენა მიყურადების პრაქტიკაზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.


2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო ფარული მიყურადებისა და თვალთვალის შესახებ. მასალები ათასობით დოკუმენტს აერთიანებდა, რომლებიც ძირითადად სასულიერო პირებს, მათ კავშირებს, სატელეფონო მიმოწერებს, საუბრებს, წარსულ საქმიანობებს და პირადი ცხოვრების სხვა დეტალებს ეხებოდა. ამ მასალებში ასევე აღმოჩნდა ინფორმაცია ჟურნალისტების, აქტივისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების და მათთან დაკავშირებული პირების საუბრის შესახებ.

„კრებსებში“ თავმოყრილი ინფორმაციის ავთენტურობა ჩანაწერების ბევრმა ფიგურანტმა დაადასტურა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile