უკრაინაზე რეზოლუცია ვითარების სიმძიმის გამო შეუსაბამო და არაადეკვატურია - კანდელაკი

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივა პარლამენტმა უკრაინის შესახებ მიიღოს რეზოლუცია სიტუაციისთვის შეუსაბამო და არაადეკვატურია.

კანდელაკის თქმით, უკრაინაში ვითარება უკიდურესად გართულებულია და ახლა რაც საქართველოს ევალება, მისი აღმასრულებელი ხელისუფლების აქტიურობა და თანამშრომლობაა უკრაინელ კოლეგებთან. პარლამენტში კი მსგავსი რეზოლუციის მიღება მხოლოდ იმიტაციას შექმნის, რომ მმართველი გუნდი უკრაინასთან დაკავშირებით მუშაობს.

„ერთადერთი რამ, რაც სჭირდება საქართველოს პრაგმატულად, საქართველოს ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს არის მხოლოდ უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთ გუნდად მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე. რაც გულისხმობს, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის ჩასვლას კიევში.

მაგრამ ასევე მოქმედებას, როგორც ვთქვი უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე უკრაინასთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე, იმისთვის რომ მოხდეს ჩვენი პრობლემების აქტუალიზაცია დასავლეთის მაღალი დონის პოლიტიკური დონის დღის წესრიგში.

აქედან გამომდინარე, ის რეზოლუციის იდეა, რომელიც წამოაყენა საპარლამენტო ოპოზიციამ და ახლა არც ვეხები პარლამენტის ლეგიტიმურობის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე არის სიტუაციის შეუსაბამო, არაადეკვატური და იქნებოდა უბრალოდ ორთქლის გამოშვება და ფუჭი.

საქართველოს სჭირდება მხოლოდ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე მოქმედება. არ უნდა მივცეთ საშუალება ოცნებას, რომ მოახდინოს მუშაობის იმიტაცია, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია წარსულში“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, უკრაინასთან მიმართებით აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქვეყანასთან საქართველოს წარსულში თანამშრომლობა აკავშირებს და უკრაინას ჩვენს ქვეყანას ეხმარებოდა კონფლიქტების დროს, არამედ, ეს საქართველოსთვის პრაგმატულადაც მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინასთან ერთად მაღალ დონეზე დაისვას საქართველოს დეოკუაპციის საკითხიც.

კანდელაკის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად „ევროპული საქართველო“ რუსეთის გაუქმებული საელჩოს შენობასთან ოთხშაბათს 22:00 საათზე შეკრებას გეგმავს.


დღეს, 24 იანვარს საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტში ერთობლივი განცხადება გააკეთა და უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივა წარადგინა:

  1. „საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით.
  2. საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება.
  3. მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.
  4. მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
  5. საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე.
  6. მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ NATO-ს რეზოლუციის პროექტი უკვე მზადდება, მალე მას პარლამენტში დააინიცირებენ. ასევე, უმრავლესობა იზიარებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის სულისკვეთებასაც და კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საჭიროა ფრაქციებს შორის კონსულტაციები რეზოლუციის ფორმირებისთვის.