„უმეტესად ემიგრანტები გვეხმარებოდნენ“ - ვისგან ფინანსდებოდა მოძრაობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ

პუბლიკა

„გაიგებთ, ვისგან ფინანსდებოდა ნამახვანჰესის მშენებლობის დაბლოკვა“ – „უცხოური აგენტების“ კანონზე საუბრისას უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ რიტორიკა ნამახვანჰესის საკითხზეც განავრცო.

მან განაცხადა, რომ მალე შეიქმნება რეესტრი და საზოგადოება გაიგებს, საიდან ფინანსდებოდა ეს ყოველივე. კობახიძემ თქვა ისიც, რომ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა მიზნად ისახავდა ერთადერთს – ეს იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადოდ უზრუნველყოფა.

ჰესის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობაში გაერთიანდა. მათ მხარს უჭერდნენ სამოქალაქო აქტივისტები, ინდივიდუალური ჯგუფები, ხელოვანები, მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და არაერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის – „მწვანე ალტერნატივა”, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია). სამართლებრივი დავები სწორედ ამ ორგანიზაციების დახმარებით წარიმართებოდა.

ეს ორგანიზაციები ასევე იყვნენ ჩართულნი მედიაციის პროცესში, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით მიმდინარეობდა და რომელიც პროცესებში თავად საქართველოს მთავრობამ მოიწვია და ჩართო.

„ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებულ დისკუსიაში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე ჩაერთო. პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრს…“, – აცხადებდა მაშინ ეკონომიკის სამინისტრო.

მოძრაობის დაფინანსების საკითხი დღის წესრიგში პირველად არ დამდგარა. ამ საკითხზე საზოგადოებას ყურადღება ჯერ კიდევ 2021 წელს თავად კობახიძემაც გაამახვილებინა.

ფინანსურად გვეხმარებიან კერძო პირები, უმეტესად ემიგრანტები, და ისინი ამ შემოწირულობებით მონაწილეობენ პროტესტში

რა წერია აუდიტის დასკვნაში

მოძრაობის დაფინანსების საკითხზე პასუხი დაინტერესებულმა საზოგადოებამ 2021 წელს მიიღო. მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” „სპეკულაციების გასაფანტად” აუდიტორული კომპანია დაიქირავეს და დასკვნაც მოამზადა. უფრო კონკრეტულად კი ამ საკითხის ქრონოლოგია ასეთია:

2021 წლის მაისში, როდესაც მოძრაობა აქციებს თბილისში აწყობდა, „შეკითხვები გაჩნდა” მათი დაფინანსების თაობაზე. მათ შორის ირაკლი კობახიძე ამბობდა:

„ჩვენ ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით, ამ კითხვას ალბათ, მოგვიანებით უნდა გაეცეს პასუხი. როცა დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება აქციაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ყველაფრის უკან სერიოზული როგორც კომერციული ინტერესები, ასევე პოლიტიკური ინტერესები არის”.

2021 წლის 28 მაისს, „პუბლიკასთან“ საუბრისას მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ „რომ არ დარჩეს სპეკულაციის საგნად ფინანსების საკითხი, აუდიტორული დაიქირავეს“. აუდიტის დასკვნა კი საჯარო 2021 წლის 2 ნოემბერს გახდა.

„ხანგრძლივი პროტესტის მანძილზე მოძრაობის ფინანსების წარმოშობასა და ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ არაერთი ეჭვი გამოითქვა. ჩვენს ფეისბუქგვერდზეც და მედიასივრცეშიც ბევრჯერ განვმარტეთ, რომ ფინანსურად გვეხმარებიან კერძო პირები, უმეტესად ემიგრანტები, და ისინი ამ შემოწირულობებით მონაწილეობენ პროტესტში. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ გვავალდებულებს, გადავწყვიტეთ, მიგვემართა აუდიტორული კომპანიისთვის, რომ ყველასთვის ცხადი იყოს, ვისგან რა თანხა მიიღო ჩვენმა მოძრაობამ, როგორ განიკარგა მიღებული შემოწირულობები, გვქონდა თუ არა ამ მხრივ კანონთან შეუსაბამობა და ამით ამოიწუროს ეს საკითხი.

დამოუკიდებელი მარწმუნებელი დასკვნა მოიცავს დაარსებიდან, 2018 წლის 17 ივნისიდან 2021 წლის 31 ივლისს დასრულებულ საანგარიშო პერიოდს. აუდიტორის აზრით, „ა(ა)იპ საზოგადოებრივი მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, იცავს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მოთხოვნებს“, – ნათქვამი იყო მათ განცხადებაში.

აუდიტის დასკვნა სრულად ნახეთ ბმულზე;