გამჭვირვალობა არაფერ შუაშია, აქ მთავარია აგენტის იარლიყი – ვარლამ გოლეთიანი კობახიძეს პასუხობს

პუბლიკა

„გამოდონ, თუ რამე შეუძლიათ, რომ გამოდონ. ამაზე სხვა რა კომენტარი უნდა გააკეთო. ეგ ბრალდებები ჩვენი მისამართით ახალი არ არის” , – ასე პასუხობს  ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის აქტივისტი, ვარლამ გოლეთიანი, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ მალე შეიქმნება აგენტების რეესტრი და ყველა გაიგებს, ვისგან ფინანსდებოდა ნამახვანჰესის დაბლოკვა. მან თქვა, რომ აქ ჩართული იყო არარუსული წყაროებიც.

„ცხადია მათ სურთ იმ პროტესტის დისკრედიტაცია, რომელიც ჩვენ გვქონდა. მაგას ვაწყდებით დღიდან პროტესტის დაწყებისა” , – ამბობს კობახიძის პასუხად ვარლამ გოლეთიანი.

„ვადევნებ თვალს ამ ამბავს (კანონპროექტს უცხოეთის აგენტების შესახებ). ამბობენ, რა პრობლემა გაქვთ გამჭვირვალობასთანო. ამათ კარგად მოუძებნეს წერტილი, სად შეიძლება დაარტყან ორგანიზაციებს, ხალხს, ვინც ბევრი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. თითქოს ვინმე გამჭვირვალობის წინააღმდეგია, თორემ ვინ მოვიდა, ვინ დაინტერესდა კონკრეტულად ჩვენი ანგარიშებით და ვის არ მივეცით ან ვინ დაინტერესდა სხვისი ანგარიშებით და ვინ რა დამალა. აქ მთავარია, აგენტის იარლიყი დაედოს ვიღაცას და შენ თვითონ თუ მიხვალ და დარეგისტრირდები და აგენტი ვარო იტყვი, ხომ საერთოდ“, – ამბობს გოლეთიანი.

მისი თქმით, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეებს, როგორც ერთ-ერთ აქტორს, რა თქმა უნდა, მოაყოლებენ ამაში (დისკრედიტაციის კამპანიაში).

„მაგაში ყველა მოჰყვება, ვინც სხვადასხვა დროს წინააღმდეგობაში ყოფილა ხელისუფლებასთან”. – ამბობს გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, ეს არის ამ ისედაც პოლარიზებული საზოგადოების კიდევ უფრო დანაწევრების მეთოდი – „რომ ახლა მაგ ნიშნით წავიდეს რამდენიმეთვიანი თუ წლიანი დაპირისპირება, რომ ატყდეს ამბავი „რატომ ხარ გამჭვირვალობის წინააღმდეგიო”, მერე უპასუხებენ, რომ „გამჭვირვალობის წინააღმდეგი კი არ ვარ, ეს აგენტის იარლიყი რა უბედურებაა“ და ა.შ. მიზანიც ესა, რომ შექმნან თემა, რომლის ირგვლივაც გაუთავებლად იქნება საომარი ვითარება და დაზიანდება ყველანაირად ქვეყნის ინტერესი.

გოლეთიანის აზრით „ჩვენც მოგვაყოლეს ამაში, გამომდინარე იქიდან, რომ გააქტიურებას აპირებენ პროცესების, დღეს იქნება თუ ხვალ და გამზადებული რომ იყოს ჩვენი დისკრედიტაცია, წინსწრებით”.

იგი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მათ ანგარიშებზე დასამალი არაფერია და იქ ირიცხებოდა თანხა, რასაც ხალხი თავისი ნებით და სურვილით აკეთებდა.

„ჩვენ არ გვაქვს არავითარი ორგანიზაცია და დაფინანსებას არსაიდან ვიღებთ, მაგრამ ძალიან ცუდია (კანონი) მიუღებელია და არასწორი, და სამწუხაროა, რომ ახლა ეს თემა გამოიწვევს ამ პოლარიზებული მხარეების ამ თემის ირგვლივ დაჭმას“, – გვეუბნება ვარლამ გოლეთიანი.


2022 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში იყო გაფორმებული.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის დაწყებას მოჰყვა ხანგრძლივი პროტესტი.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ირგვლივ გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.