პოლიტიკური მიზანი იყო ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება - კობახიძე ნამახვანჰესის მშენებლობის პროტესტზე

პუბლიკა

„ჩვენს გვაქვს ამ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამას ვერ დაეწია ენერგეტიკული განვითარება, მათ შორის იმიტომ, რომ დაიბლოკა ნამახვანჰესის მშენებლობა, სადაც იყო პოლიტიკური ინტერესი“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსდებოდნენ სხვადასხვა ტიპის წყაროდან და მათი პოლიტიკური მიზანი იყო, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება. ამ კონტექსტში მან ისაუბრა უცხოური გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ დაფინანსების კუთხით ამ კანონპროექტით ყველაფერი გამჭვირვალე გახდება.

„სხვადასხვა ინტერესი იკვეთებოდა, როდესაც ნამახვანჰესის მშენებლობა დაიბლოკა. ამ და სხვა რამდენიმე ჰესის მშენებლობას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკას დაეწიოს ენერგეტიკული განვითარება. რაც უფრო მეტად იზრდება ეკონომიკა, მით უფრო მეტად იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება…..

ზოგადად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ყოფილიყო იმპორტიორი კომპანიების ინტერესი, შეიძლება ყოფილიყო რუსული მხარის ინტერესი, რადგან, რა თქმა უნდა რუსეთს ურჩევნია თავისი ელექტროენერგია გაყიდოს საქართველოში, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვაწარმოოთ თავად. იმიტომ, რომ ამით მოგებას ნახულობს რუსული მხარე და ჩვენ დღემდე ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე ელექტროენერგიის თვალსაზრისით და გარდა ამისა, ენერგოდამოკიდებულების ხარისხი რჩება მაღალი. სხვა სუბიექტებიც იყვნენ გარდა ამ შესაძლო მხარისა. იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას. ამ შემთხვევაში იყვნენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებოდნენ ამ ტიპის წყაროებიდან და რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში, რომლის პოლიტიკური მიზანი იყო, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტება.

EED არის ევროკავშირის მიერ ოფიციალურად დაფუძნებული და ამ ორგანიზაციის ბორდის ერთ-ერთი წევრი არის ქალბატონი ჰაუტალა, ყოფილი თუ მოქმედი ევროპარლამენტარი. პირდაპირ გამოვიდა მაშინ და მხარი დაუჭირა იმ პროტესტს, რომლის მიზანიც იყო საქართველოში ენერგოდამოუკიდებლობის შეზღუდვა. აქაც არაფერს ვზღუდავთ, ჰაუტალასაც შეუძლია იგივე თქვას, რასაც წარსულში ამბობდა, იმ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ იმ საპროტესტო აქციებში, რომელთა მიზანიცაა ენერგოდამოუკიდებლობის ზრდის დაბლოკვა საქართველოში. ერთადერთი, რაც ხდება ამ კანონით და რაც მოგვწონს ამ კანონპროექტში, არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება გამჭვირვალე. ანუ, საქართველოს მოსახლეობას ეცოდინება, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც აპროტესტებენ და ბლოკავენ ნამახვანის მშენებლობას, ფინანსდებიან ამა და ამ წყაროდან. ეს შეიძლება იყოს ჩრდილოეთის, დასავლეთის, აღმოსავლეთის და შეიძლება იყოს სამხრეთის წყარო“,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადებული პრორუსული კანონპროექტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ სულ მალე, რამდენიმე თვეში, საზოგადოებას ექნება საშუალება, „აგენტების რეესტრი“ იხილოს.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ კანონპროექტი, ფაქტობრივად, მიღებულია და რეესტრიც რამდენიმე თვეში გაჩნდება. ასევე, როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, ამ რეესტრით გაიგებს საზოგადოება, ვისი დაფინანსებით „დაიბლოკა ნამახვანჰესის მშენებლობა“.

______________________________________________________________

2022 წლის 24 მარტს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა. ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში იყო გაფორმებული.

ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.

ნამახვანჰესის მშენებლობის დაწყებას მოჰყვა ხანგრძლივი პროტესტი.

ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ირგვლივ გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:

  1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
  2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები დღემდე აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.