უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციაზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში - პრემიერი შეზღუდვების მოსალოდნელ შედეგზე

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა იმოქმედებს 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორთვიანი შეზღუდვების მიზანია ქვეყანა „პროპორციულად დაუბრუნდეს“ ისეთივე ეპიდემიოლოგიურ პოზიციას, როგორიც აგვისტოში იყო.

„არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ამ ორთვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას, ჩვენ ამ ორთვიანი გეგმით პროპორციულად და შედარებით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზედაც ვიყავით აგვისტოში, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, პანდემიის მართვის თვალსაზრისით. ამ წარმატების ძირითადი რეცეპტი გახლდათ სწორი ბალანსი ეკონომიკასა და ინფექციისა და ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, უბრალოდ, შემდეგ პოლიტიკურმა მდგენელმა ამ ბალანსის გარკვეული დარღვევა გამოიწვია, გარკვეულ კომპრომისებზე მოგვიწია წასვლა.

ყველანი ერთად ახლა უნდა დავბრუნდეთ, როგორც სახელმწიფო, ასევე ჩვენი მოქალაქეები, ასევე ექიმები, ეპიდემიოლოგები, პოლიტიკოსებიც მათ შორის, ყველანი უნდა დავბრუნდეთ, აგვისტოში, იმიტომ რომ ეს ამ ქვეყნის მომავალია, ეს არის პოტენციალი ეკონომიკური აღდგენის შენარჩუნების, ეს არ არის არც მთავრობის,და არც კონკრეტული ბიზნესის ინტერესებში გასაკეთებელი“, – განაცხადა პრემიერმა.