USAID - ის განცხადებით ცესკოსთან არსებულ ინფორმაციის დაცულობის ცენტრს აღარ ეხმარებიან

პუბლიკა

USAID -ის განცხადებით, „ცესკოსთან” არსებული „ინფორმაციის დაცულობის ცენტრი” ამერიკის დახმარების გარეშე ოპერირებს და ფუნქციონირებაზე მთლიანად პასუხისმგებელია საქართელოს „ცენტრალური საარჩევნო კომისია”.

„2020 წელს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, დავეხმარეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ინფორმაციის დაცულობის ცენტრის დაარსებაში. ცენტრის დაარსების მთავარი ამოცანა იყო ცესკოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესაძლებლობების გაძლიერება.

თუმცა მოგვიანებით შევწყვიტეთ ეს მხარდაჭერა და ცენტრი ამჟამად ამერიკის მთავრობის დახმარების გარეშე ოპერირებს. ცენტრის ფუნქციონირებაზე მთლიანად პასუხისმგებელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. მივესალმებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ცენტრის მუშაობაში ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირებას და მათ მიერ ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს”. – აცხადებენ USAID-ში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან“ არსებულმა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა” გამოაქვეყნა მათ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიში, სადაც ქართული მედიის დიდი ნაწილი, მათ შორის პუბლიკა, დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და ა.შ. გავრცელებაში იყო დადანაშაულებული.

22 სექტემბერს გამოცემა „პუბლიკის”, On.ge-ს და „ნეტგაზეთის” წარმომადგენლები შეხვდნენ „ცესკოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელს და მედიამონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე  ცესკოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო მათი შეცდომა და მის აღმოფხვრაზე იზრუნებდნენ.

ჩვენ დავუკავშირდით ცესკოს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კომენტარის გაკეთების შემთხვევაში დაგვიკავშირდებიან.