უსინათლო მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოები ექნებათ - განათლების სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, უსინათლო და მცირემხედველ IV-VII კლასების მოსწავლეებს აუდიო ფორმატის სახელმძღვანელოებით სწავლის შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, აუდიოფორმატში ინტეგრირდება IV-VII კლასების ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო. შედეგად, გახმოვანებული წიგნებით ისარგებლებენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ დაინტერესებული პირებიც, რადგან სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზეც განთავსდება.

„სულ მალე მოსწავლეებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების აუდიო ვერსია ექნებათ, რაც პანდემიის პირობებში, მათ სასწავლო პროცესში ეფექტურ ჩართულობას შეუწყობს ხელს. სამომავლოდ კი, სახელმძღვანელოების აუდიო ფორმატში გადაყვანა, ეტაპობრივად გაგრძელდება“, – წერია განცხადებაში.